ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის სანქციები რუს დიპლომატებს, რუსულ კომპანიებს და რუსულ სავაჭრო ბაზარს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს სანქციები დაუწესა. მიზეზი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევა, კიბერ-თავდასხმები, უკრაინასთან აგრესიული ქმედება და სხვა „მავნე“ ქმედებებია.

სანქციები შეეხო რუსულ კომპანიებს, რუს დიპლომატებსა და რუსულ სავაჭრო ბაზარს. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მეტი სანქციებიც, თუმცა მათ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა არ სურთ.

მოსკოვმა სანქციებს აგრესიულად უპასუხა და თქვა, რომ ეს საშიშ ტემპერატურამდე ზრდის ქვეყნებს შორის ურთიერთობას. სალაპარაკოდ დაბარებულია ამერიკის ელჩი რუსეთში, რომელსაც, როგორც ჩანს რთული საუბარი ელოდება კრემლში.

პრეზიდენტ ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების მიხედვით, ახალი სანქციები ამერიკის მთავრობას უფლებას აძლევს, სანქცია დაადოს რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორს და ასევე არ გასცეს სახელმწიფო ვალი. ესაა მოსკოვის სასჯელი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის. კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

ასევე, ბაიდენის ბრძანებით, ამერიკის ფინანსურ ინსტიტუციებს აეკრძალათ მონაწილეობა მიიღონ რუბლით დომინირებულ სავაჭრო ბაზარზე.

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქცირებულთა სიაში მოხვდა 32 სუბიექტი და ფიზიკური პირი, რომლებიც, ამერიკის თქმით, ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და მონაწილეობას იღებდნენ „დეზინფორმაციისა და ჩარევის სხვადასხვა აქტებში“.

ეკონომიკური სანქციები შეეხო იმ 8 რუს პირსაც, რომლებიც ყირიმში ოკუპაციასა და რეპრესიებთან არიან ასოცირებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკის სანქციებს უახლოეს მომავალში უპასუხებს.

რუსეთი უარყოფს ამერიკის არჩევნებში ჩარევას და ამერიკის კომპანიებზე ორკესტირებულ კიბერშეტევას. ისინი ასევე უარყოფენ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საბჭოთა ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამვლას.

„ჩვენ რამდენჯერმე გავაფრთხილეთ ამერიკის შეერთებული შტატები იმ შედეგების შესახებ, რაც მათ მტრულ ნაბიჯებს მოჰყვებოდა და რამაც საშიშად გაზარდა კონფრონტაციის დონე ორ ქვეყანას შორის“,- განაცხადა მარია ზახაროვამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

თეთრი სახლის მიერ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. მისი თქმით, სანქციების დაწესება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მისი აზრით, სანქციებს გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-იც უნდა მოეცვა.

„მხარს ვუჭერ თეთრი სახლის სანქციებს, რომლებიც რუს ოფიციალურ პირებს ჩვენს დემოკრატიაზე თავდახმის გამო დაუწესდა. მაგრამ, იმედგაცრუებული ვარ, რომ სანქციები "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ს არ შეეხო, კრემლის მავნე გავლენების პროექტს. მოვუწოდებ პრეზიდენტს, რომ წინ აღუდგეს პუტინს და სანქციები დააწესოს "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ზეც“,- ვკითხულობთ კინზინგერის განცხადებაში.

დღეს, ვაშინგტონის დროით 4:30 წუთზე, პრეზიდენტი ბაიდენი სატელევიზიო მიმართვით გამოვა და უფრო ვრცლად ისაუბრებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG