ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურორებმა ტრამპის სახლის ჩხრეკაზე მეტი უნდა გაამჟღავნონ - ბოლტონი


ჯონ ბოლტონი, თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა იმსჯელოს იმაზე, რომ გამოქვეყნდეს მეტი მტკიცებულება, თუ რის საფუძველზეც გაიცა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლის გაჩხრეკის ორდერი. აღნიშნული განცხადება ოთხშაბათს "როიტერთან" ინტერვიუში ჯონ ბოლტონმა გააკეთა. ის ტრამპის პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ბოლტონი ამბობს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ მეტი დეტალის გასაჯაროებაა საჭირო, რადგან გარემო პოლიტიკურად ძალზე დამუხტულია და საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის სახლის ჩხრეკის საკითხზე ბევრი კითხვა აქვს.

"შესაძლოა, არ უნდა გამოქვეყნდეს და იუსტიციის დეპარტამენტი სწორია. ვფიქრობ, ტრამპმა სინამდვილეში იცის, რომ მათ არ უნდათ ამის გამჟღავნება. სწორედ ამიტომ, მისთვის ადვილია მოუწოდოს მათ, გამოაქვეყნონ დეტალები, რადგან იცის, რომ ეს არ მოხდება" - უთხრა ბოლტონმა "როიტერს". ის დარწმუნებულია იმაში, რომ პროკურორებს ამისთვის კარგი მიზეზები აქვთ. თუმცა, მეტი იმპროვიზაციაა საჭირო იმ ფონზე, როცა "მათ წინაშე დიდი პოლიტიკური შტორმის ცეცხლია".

8 აგვისტოს, შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის ფლორიდის სახლი გაჩხრიკა. მოგვიანებით გამოქვეყნებული უპრეცედენტო ჩხრეკის ორდერიდან ირკვევა, რომ ტრამპს შინ საიდუმლო დოკუმენტების 11 კომპლექტი ჰქონდა შენახული, რომელთა შორის ზოგზე იყო გრიფი: "სრულიად საიდუმლო", რაც ჯაშუშობის კანონის დარღვევის სარწმუნო საფუძველს იძლევა.

ბოლტონი ყვება, რომ ყოფილ პრეზიდენტს დიდი ოდენობით დოკუმენტების შეგროვებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. ის იგონებს, რომ თეთრ სახლში მუშაობისას, სასადილო ოთახში მდგარ ერთ-ერთ მაგიდაზე, ხშირად უნახავს ფურცლების უზარმაზარი გროვა. ბოლტონი ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე 2018-2019 წლებში მუშაობდა.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი გამუდმებით აკრიტიკებს გამოძიების ფედერალურ ბიუროს. ტრამპი ამბობს, რომ მისი მარ'ალაგოს სახლის ჩხრეკის ლეგალური საფუძველი არ არსებობდა და ეს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა.

ბოლტონი ტრამპის ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი განცხადება უსაფუძვლოა: "არ არსებობს მტკიცებულება, რომ აქ საქმე გვაქვს პარტიულ მოტივაციასთან... ვფიქრობ, ყველა უნდა დაწყნარდეს, ტრამპის მომხრე იქნება ეს თუ მოწინააღმდეგე და პროცესს განვითარების საშუალება მიეცეს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG