ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ბირთვული შეიარაღებისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისკენ იღწვის


ამერიკა ბირთვული შეიარაღებისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისკენ იღწვის

ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ბირთვული შეიარაღების შემცირება წარმოადგენს

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბის აფეთქებიდან 65 წლის შემდეგ შეერთებული შტატების მიდგომა ბირთვული შეიარაღების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ობამას ამდინისტრაცია ბირთვული შეიარაღებისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისკენ იღწვის რათა ის რაც იაპონიაში მოხდა არასდროს გამეორდეს. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის შეამციროს ბირთვული შეიარაღების არსენალი მაგრამ იმავდროულად მას ტერორისტებისგან ნებისმიერი ბირთვული საფრთხის მოგერიება შეუძლია.

ჰიროსიმისა და ნაგასაკის განადგურებიდან ექვს ათწლეულზე მეტი გავიდა, მაგრამ იმ უზარმაზარი ტრაგედიის მოგონება კვლავინდებურად მოსვენებას არ აძლევს ბევრ იაპონელს, რომლებიც მომხდარზე ხშირად ფიქრობენ და ლოცულობენ. 70 წლის ტომიკო მაცუმოტო ატომური ბომბის აფეთქებას გადაურჩა. მისი თქმით:

„მე ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი იმისა, რომ მე ამდენ ხანს გავუძელი არის ის, რომ მე მომდევნო თაობებს ვუყვები სიცოცხლის თანასწორუფლებიანობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე. სწორედ ეს არის ჩემი მისია.“

მსოფლიოს ბირთვული შეიარაღებისგან გათავისუფლება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის იუკია ამანოს მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

„ადამიანური თვალსაზრისით და როგორც იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ბირთვულ კატასტროფაში ამდენი გადაიტანა, მე მთელი გულითა და სულით მჯერა, რომ ეს საშინელი შეიარაღება უნდა განადგურდეს,“ განაცხადა ამანომ.

მსოფლიო ბირთვული შეიარაღების გარეშე აგრეთვე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხედვას ასახავს. ეს ხედვა მან აპრილში პრაღაში ვიზიტის დროს წარადგინა.

„შეერთებული შტატები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს რათა მსოფლიო გათავისუფლდეს ბირთვული შეიარაღებისგან. აუცილებელია, რომ ცივი ომის დროინდელი აზროვნება ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ამ მიზნით ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ბირთვული შეიარაღების როლი შემცირებულია და ჩვენ სხვებსაც მოვუწოდებთ იგივეს გაკეთებას,“ აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

ობამას ადმინისტრაციამ უკვე დააწესა მორატორიუმი ატომური იარაღის მიწისქვეშა ცდებსა და ახალი ბირთვული ქობინების განვითარებაზე რადგან მას ჰიროსიმისა და ნაგასაკის ტრაგედიის გამეორება არ სურს.

თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ბირთვულ საკითხებში სტივ ჰენრიმ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ ბირთვული მასალების უსაფრთხოებისა და ატომური შეიარაღების შემცირების მიზნით ემსახურება ერთ ამოცანას - რათა ატომური ტრაგედია არასდროს გამეორდეს.“

ჰენრის თქმით, მართალია შეერთებული შტატები საკუთარ ბირთვულ არსენალს ამცირებს, ამერიკა კვლავინდებურად ემზადება ბირთვული საფრთხეების მოსაგერიებლად, განსაკუთრებით რაც შეეხება შესაძლო ტერორისტულ თავდასხმას ბირთვული შეიარაღების გამოყენებით.

ჰენრი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, რომ მსოფლიოში არსებული ყველა ატომური ბომბი მკაცრ აღრიცხვაზე იქნას აყვანილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ ბირთვული მასალები საიმედოდ იყოს დაცული იმ სახელმწიფოებში, სადაც მიმდინარეობს ურანის გამდიდრება ბირთვული საწვავისთვის.

„ეს არ არის მხოლოდ შეერთებული შტატების პრობლემა. ეს არის გლობალური პრობლემა. ის რაც შეერთებულ შტატებსა და მის ინტერესებს ემუქრება, იმის გამო, რომ ჩვენ ბევრი კავშირი გაგვაჩნია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან და გლობალიზაციისა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გამო, სხვებსაც ავნებს,“ დასძინა ჰენრიმ.

ჰენრი აღნიშნავს, რომ ბირთვული შეიარაღებისგან თავისუფალი მსოფლიო ნიშნავს იმას, რომ ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ და შექმნან ისეთი გარემოცვა, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG