ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ბულგარელ ოლიგარქს და მის ორ თანამზრახველს სანქციებს უწესებს


ბიზნესმენი ვასილ ბოჟკოვი

შეერთებულმა შტატებმა 2 ივნისს ბულგარეთის სამ მოქალაქეს და 64 კომპანიას კორუფციული სამქიანობის ბრალდებით სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის ერთი ოლიგარქიცაა, რომელსაც ბრალად ედება ბულგარეთის მთავრობაზე გავლენის მოსახდენად რუს პოლიტიკურ ლიდერებთან შუამდგომლობა.

ამერიკის ხაზინამ განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თვალსაზრისით, ეს დღემდე გადადგმული ყველაზე მასშტაბური ნაბიჯია.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბულგარეთს ევროკავშირის ყველაზე კორუმპირებულ წევრად ასახელებს. ბალკანეთის ამ ქვეყანას ევროკომისია ხშირად აკრიტიკებს კორუფციის შემთხვევებზე არასათანადო რეაგირების გამო.

ბულგარეთის დროებითმა პრემიერ-მინისტრმა, სტეფან იანევმა განაცხადა, რომ ამერიკის სანქციების შესახებ მას სატელეფონო საუბრის დროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა აცნობა.

ეს ნაბიჯი შეერთებულმა შტატებმა 11 ივლისს დანიშნულ ვადამდელ არჩევნებამდე გადადგა. ბულგარეთში ნაადრევი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ დაინიშნა, რომლის დროსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანაში არსებულ კორუფციას აპროტესტებდა.

მილიარდერი ბიზნესმენი, რომელსაც ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ვასილ ბოჟკოვია. მას ბრალად რუსი მაღალჩინოსნებისთვის ბულგარეთის მთავრობაზე გავლენის მოხდენაში დახმარება და მთავრობის წევრების მოქრთამვა ედება.

ბოჟკოვი ბულგარეთში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მან ქვეყანა 2020 წელს დატოვა, მის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მიზნით. მის წინაღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორისაა, გამოძალვა, საგადასახადო თაღლითობა და მოქრთამვის შემთხვევები. ბუჟკოვი დღეს დუბაიში ცხოვრობს და აცხადებს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

სანქციები დაუწესდათ დელიან პივსკის და ილკო ჟელიაზკოვს. პივსკი ბიზნესმენი და პარლამენტის ყოფილი წევრია, ჟელიაზკოვი კი მთავრობის მაღალჩინოსანი, რომელიც პივსკის და ბუჟკოვს კორუფციულ სქემაში ეხმარებოდა.

სანქცირებული 64-ვე კომპანია ბოჟკოვს და პივსკის ეკუთვნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG