ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლას უკრძალავს


ბელარუსმა საკუთარი მოქალაქეების უმრავლესობას საზღვარგარეთ მოგზაურობა დროებით აუკრძალა და ამის მიზეზად კოვიდ-19-ის პანდემია დაასახელა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ქვეყნის ავტორიტარი მმართველი ალექსანდერ ლუკაშენკო ოპოზიციის უფლებების შეზღუდვას და მათთვის გადაადგილების აკრძალვას ცდილობს.

სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, მოგზაურობაზე შეზღუდვა მიესადაგება ქვეყანაში მცხოვრებ ბელარუსის ყველა მოქალაქეს გარდა საჯარო მოხელეებისა, რომლებიც ქვეყნიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადიან. ქვეყნის დატოვება ასევე შეუძლიათ ბალარუსის მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა ქვეყნის მუდმივი მცხოვრებლის სტატუსი აქვთ.

ოფიციალური მინსკის განცხადებით, უცხოელებს ბელარუსში მოგზაურობა კვლავ შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შესვლამდე 10 დღიან კარანტინს გაივლიან.

მოგზაურობის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება მინსკმა მას შემდეგ მიიღო, რაც ლუკაშენკოს წინააღმდეგ მკაცრი კრიტიკის ტალღა დაიწყო. დასავლური და სხვა დემოკრატიული ქვეყნები ლუკაშენკოს საქციელს გმობენ, როდესაც მისი ბრძანებით „რაიანეარის“ რეისი მინსკში იძულებით დასვეს, რათა ბორტზე მყოფი ბელარუსი ჟურნალისტი მინსკში დაეპატიმრებინათ. რეისი საბერძნეთიდან ლიეტუვაში ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებით მიფრინავდა.

ბელარუსი აცხადებს, რომ თვითმფრინავს დაჯდომა იმის გამო აიძულეს, რომ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაჯდა, ბელარუსის უშიშროების ძალებმა ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააპატიმრეს. თვითმფრინავის ბორტზე ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ბომბი არ აღმოჩნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG