ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვილნიუსის სამიტის შეფასებები და ევროკავშირის მილოცვა საქართველოს


ვუდრო ვილსონის საერთაშორისო მკვლევარების ცენტრში ქართველმა, უცხოელმა ოფიციალურმა პირებმა და ექსპერტებმა ვილნიუსის სამიტის შედეგებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი უძღვებოდა და მას მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საელეჩოების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ევროკავშირის ელჩი შეერთებულ შტატებში, ყოფილი დიპლომატები, არასამთავრობო სექტორის ლიდერები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტი და სხვა დაკავშირებული თემები შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გადაფარა. კერძოდ, თუ რა გავლენა ექნება კიევის საპროტესტო აქციებს ევროკავშირის სხვა მოკავშირე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებზე.
მონაწილეებმა შეაჯამეს ვილნიუსის ფორუმის შედეგები, რეკომენდაციები დასახეს საქართველოს, მოლოდოვას, უკრაინის, აზერბაიჯანის შემთხვევებში და აღნიშნეს, რომ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება რიგაში, 2015 წლის იანვარში დაგეგმილ სამიტს და აღნიშნული ქვეყნების მიერ გაწეულ სამუშაოს.

დისკუსიის შემდეგ ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ევროკავშირის ელჩს შეერთებულ შტტებში ჟოაო დე ალმეიდას გაესაუბრა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ჰკითხა:

დე ალმეიდა: ვილნიუსის სამიტიდან ძალიან კარგი ცნობები გამოვიდა საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით. ეს იყო ისტორიული მოვლენა ამ ორი ქვეყნის და ასევე ევროკავშრისთვის. ჩვენ ვულოცავთ მხარეებს მიღწეულ შედეგს. ამ ორმა ქვეყანამ ბევრი გააკეთა წარმატებისთვის, თუმცა გასაკეთებელი ძალიან ბევრია. უნდა გატარდეს რეფორმები და შეთანხმებები, ორივე ქვეყნის შემთხვევაში, რეალობად უნდა იქცეს. მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი ენდობა საქართველოს და მოლდოვას. ჩვენ გვწამს, რომ ამ ორ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა და მზადყოფნა, რათა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. სარგებელი კი ყველასათვის ცხადია: ეს არის ეკონომიკური წარმატება, კეთილდღეობა, მეტი კავშირები ხალხებს შორის, ასევე ადამიანის უფლებების პატივისცემა და ყველა სხვა დემოკრატიული ღირებულება.

კითხვაზე, თუ რა მოსაზრება აქვს ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის პრობლემის ირგვლივ და როგორ აპირებს ამ საკითხის შესახებ რუსულ მხარესთან საუბარს, დე ალმეიდამ გვიპასუხა:

დე ალმეიდა: ჩვენ საქართველოსთან პარტნიორობას ვაგრძელებთ. სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთანაც. უთანხმოებას და განსხვავებულ მოსაზრებებს კონსტრუქიცულ ფორმატში, ორმხრივი დისკუსიებისას განვიხილავთ. ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით და ვცდილობთ, ამგვარად დავარეგულიროთ არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე ქართული მხარის პოზიციები საქართველოს საელჩოს დესპანმა-გიორგი ხელაშვილმა გაახმოვანა. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე აცნობიერებს, რომ ვილნიუსის სამიტის შედეგები რთული პროცესის დასაწყისია, თუმცა ქვეყანა მზად არის რეფორმებითა და დემოკრატიული განვითარებით უფრო აქტიურად გადავიდეს ინტეგრაციის პროცესზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული ბოლო ორი, დემოკრატიული არჩევნები ნათლად ადასტურებს, რომ მოსახლეობის დიდი რაოდენობა სწორედ ევროპული არჩევანისკენ იხრება. მისი თქმით, ბოლო ათი წელია საქართველო უძლებს რუსეთის მხრიდან მომავალ ზეწოლას და მიუხედავად ამ წნეხისა, თბილისი ყველაფერს აკეთებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით. ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს მან დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა გაგრძელდება.

რუსეთის მოქმედებები და საქართველოს ახალი მთავრობის მზაობა მოსკოვთან ურთიერთობების კუთხით კი მან შემდეგნაირად შეაფასა:

გიორგი ხელაშვილი: სამწუხაროდ, ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის მოცემულობა არამარტო დღეს, არამედ ბოლო 20 წლის განმავლობაში. საქართველოს ხელისუფლება დღეს ცდილობს, რომ რამენაირად გამონახოს საერთო ენა და შეცვალოს ის, რისი შეცვლაც წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ამას მომავალი გვიჩვენებს-თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს პოლიტიკა. ჯერ-ჯერობით შეიძლება ითქვას, რომ არის პირველი, გარკვეული მცირე შედეგები-ძირითადად სოციალური და ეკონომიკური ხასიათის-და იმედი გვაქვს, რომ ამას მოჰყვება ასევე პოლიტიკური ხასიათის შედეგები, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში თუმცა არ უნდა ვიყოთ მეტისმეტად ოპტიმისტები და არ უნდა ვიყოთ ზედმეტი ილუზიის ტყვეობაში. თუმცა ეს ილუზია არც არავის არასდროს ჰქონია.
XS
SM
MD
LG