ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირთან ასოცირების ინიცირების დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ მოაწერეს

ევროკავშირითან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტი პარაფირებულია. ამ მოვლენას დღეს საქართველოში ერთმანეთს ულოცავს არა მხოლოდ მმართველი გუნდი და ოპოზიცია, არამედ სოციალური ქსელების მომხმარებლებიც.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში იმყოფება. მან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება საქარტველოს მოსახლეობას მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტი ლიტვაში სხვებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელსაც შეხვდა.

„ვულოცავ მთელს ჩვენ ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ვილნიუსში. შეხვედრებს ეკონომიკურ, ადამიანის უფლებათა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების განვითარების თემებზე. ჩვენ ვიწყებთ დღეს უაღრესად მნიშვნელოვან გზას, რომელიც საქართველოს ისტორიულ არჩევანს იყოს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახის წევრი, ფაქტობრივად გარანტირებულს ხდის,“- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

დავით ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტი წევრი ამბობს, რომ უკრაინული რეალობისგან განსხვავებით, საქართველოში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით საერთო პოზიციას იზიარებენ. „ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა. საქართველო ევროპული ქვეყანაა და ჩვენ განსხვავებით უკრაინისგან, ვართ ერთიანი. ერთიანია მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოება და ევროკავშირი გაცილებით ძლიერი მხარდამჭერი ფაქტორია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე რუსეთია ხელშემშლელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, იქნება გამოწვევები, მაგრამ ამ გამოწვევებს, როგორც აქამდე გავუძელით, ისე გავუძლებთ“,- ამბობს დავით ბერძენიშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ წინააღმდეგობები ერთი წლის მანძილზე, სანამ ასოცირების ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერა გაფორმდება, მოსალოდნელია. „პრეზიდენტს ექნება დაახლოებით სამწუთიანი გამოსვლა. იგი ყურადღებას გაამახვილებს სწორედ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია არის ბუნებრივი სურვილი, რომ მას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა, რომ ჩვენ ველით გარკვეულ წინააღმდეგობებს ამ ერთი წლის მანძილზე, პარაფირებიდან ხელმოწერამდე და რომ გვაქვს იმედი, ევროკავშირი მუდამ იქნება საქართველოს გვერდით“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ევროკავშირთან ასოცირების ინიცირების დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ მოაწერეს. იგი ამბობს:

„ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩვენი ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის, წარმოების განვითარებას, მოდერნიზებას, ჩვენი ინსტიტუტების დაახლოებას ევროკავშირის ინსტიტუტებთან. გახდის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს, ეკონომიკის განვითარების პროცესს შეუქცევადს“.

დავით ზალკალიანი: „მე მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ისტორიული დღე. საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად ხასიათს იღებს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით“.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამართულ ბიზნეს სამიტს ესწრებოდა, ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ევროპის ბაზარს ხელმისაწვდომს გახდის არა მხოლოდ ქართული პროდუქციისთვის, არამედ სერვისებისთვისაც.
დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ ევროკომისიას მოლდოვას მიმართ საქართველოსგან განსხვევებული შეთავაზება აქვს. როგორც ევროკომიის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, მოლდოვას მოქალაქეებს, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს, შეეძლება უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ქვეყნებში. მოლდოვასთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი სანამ საბოლოოდ გადაწყდება, ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში უნდა განიხილონ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG