ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ევროპის საზღვრები გაფართოვდა“


გიორგი მარგველაშვილი: ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია

ბმული

დღეს ვილნიუსში საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ინიცირებას, ასევე შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის თაობაზე. დოკუმენტს, რომელიც გუშინ საგარეო საქმეთა და ეკონომინის მინისტრების მოადგილეების მეშვეობით გაფორმდა, დღეს სიმბოლურად ხელი მოაწერეს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა და მაია ფანჯიკიძემ, ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას კი საქართველოს მხრიდან ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა. პარაფირების საზეიმო ცერემონიალი „სულიკოს“ ცნობილი მელოდიის თანხლებით დაიწყო და კინტოურისა და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის, სიხარულის ოდის აკომპანირებით გაგრძელდა, რაც ევროკავშირს საკუთარ ჰიმნად აქვს არჩეული.

დოკუმენტის პარაფირების მიმართ დიდი ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინის პრეზიდენმა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. უკრაინის განცხადებას წინ უსწრებდა სომხეთის უარი სურვილზე და ამბიციაზე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

როდესაც საქართველოსა და მოლდოვას წარმომადგენლები ასოცირების თაობაზე პარაფირების დოკუმენტით ხელში ოფიციალურად გამოცხადდნენ, ვილნიუსში განაცხადეს, რომ ევროპის საზღვრები გაფართოვდა. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა უნიკალურ შანსს ქმნის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობისთვის. ამის თაობაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვილნიუსში ჟოზე მანუელ ბაროსომ, ევროკომისიის პრეზიდენტმაც განაცხადა:

„ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები საუკეთესო შესაძლებლობებს აძლევს ამ ქვეყნებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმირების კუთხით. 1990-იან წლებში ათმა ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყანამ მოაწერა ხელი შეთანხმებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მათ შორის იმ ქვეყანამაც, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ექვსი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ ადამიანზე ამ ქვეყნებში გაიზარდა 57 პროცენტით. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავიხსენოთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა, ვინაიდან მის საფუძველზე მოხდა ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილების გაზრდა იმ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, რომლებიც დღეს ჩვენი სრულუფლებიანი წევრები არიან.“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ვილნიუსში განაცხადა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ევროკავშირის კრიზისების მართვის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა უმნიშვნელოვანესია. ევროკავშირმა წარმოადგინა თავი, როგორც სანდო მოთამაშემ მსოფლიოს მასშტაბით კრიზისების მენეჯმენტში. ევროკავშირის მონიტორინგის მისია რჩება უკიდურესაც მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას, რომ ევროკავშირთან ერთად წვლილი შევიტანოთ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მშენებლობის პროცესში,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსში.

ვილნიუსში ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰერმან ვან რომპოიმ, ევროკავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ძალაში ტოვს უკრაინის მიმართ გაკეთებულ შეთავაზებას ასოცირების დოკუმენტის ხელმოწერის თაობაზე. მისივე თქმით, აზერბაიჯანთან მიმართებაში დაწყებულია მუშაობა სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე, ასევე უკრაინასთან საერთო ავიაციის შესახებ შეთანხმებაზე.

„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ ხელშეკრულებების ხელმოწერაზე რაც შეიძლება მალე, მომავალ წელს, რომ ეს გახდეს შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ასევე მოვაწერეთ ხელი აზერბაიჯანთან ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმებას და შეთანხმებას საქართველოსთან კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. გუშინ კი უკრაინასთან საერთო ავიაციის შესახებ შეთანხმება გავაფორმეთ. მივესალმებით ბელორუსიის განცხადებასაც, რომ მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ვიზების გამარტივების თაობაზე. სამწუხაროდ, ვერ შევძელით გაგვეფორმებინა ასოცირების შეთანხმება, ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით უკრაინასთან და მოგვეხდინა პარაფირება ამავე შეთანხმების სომხეთთან. თუმცა ევროკავშირის შეთავაზება კვლავ ძალაშია ხელი მოაწეროს უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებას,“- განაცხადა ჰერმან ვან რომპოიმ.

დოკუმენტის პარაფირება მის ინიცირებას ნიშნავს. მომდევნო ეტაპი კი ცხრა თვის შემდეგ, 2014 წლის სექტემბერში იგეგმება, როდესაც თავად ხელშეკრულება იქნება ხელმოწერილი.
XS
SM
MD
LG