შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ქვეყანას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. ამის შესახებ საელჩოს "ფეისბუქ" გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა:
"გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს! 2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით, მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა. ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა, რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
14 იანვარს საქართველო ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. საჯარო დაწესებულებებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დღეს ეროვნულ დროშებია გამოფენილი. საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო დროშის შესახებ ორგანული კანონი 2004 წლის 14 იანვარს მიიღო, თუმცა სახელმწიფო დროშის დღედ 14 იანვარი 2012 წლიდან აღინიშნება.
დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა, 12 ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ორიგინალი ღილი და სხვადასხვა პერიოდის მონეტები ამოიღო. უწყების ცნობით, ამ მონეტებიდან 3 ნივთი საბჭოთა პერიოდისაა (XX ს.), 3 მონეტა კი თარიღდება XIII საუკუნით.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინფორმაციით, ამ აღმოჩენიდან ერთ-ერთი სპილენძის მონეტა დავით აღმაშენებლის დროსაა მოჭრილი და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიისათვის. მათივე ცნობით, აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა საქართველოს სახელმწიფო დროშის უტყუარად დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.), "რადგან მონეტის უკანა პირზე (რევერსზე) დატანილია დაქარაგმებული ხუთჯვრიანი კომპოზიცია. ასეთი კომპოზიცია არ გააჩნია მსოფლიოსთვის დღემდე ცნობილ დავით აღმაშენებლის ორიდან არცერთ მონეტას, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო და ბრიტანეთის მუზეუმებში", - განაცხადა ჰერალდიკის საბჭომ.
ეროვნული დროშის დღე მოსახლეობას მიულოცა მამუკა გონგაძემაც, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ. მან თქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა არის უმთავრესი სიმბოლო, რომელიც განასახიერებს საქართველოს, როგორც ერის და სახელმწიფოს ღირებულებებს, მისწრაფებებს, ადგილს მსოფლიოში: "შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული საფუძველი დაკავშირებულია შუა საუკუნეების საზღვაო რუკებთან, სადაც საქართველო ერთი მთლიანი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია."