ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი - „რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე“


აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დგენანი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრების მიზანი „რუსეთის ბოლოდროინდელ, დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე და ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებზე რეაგირებაა“ - ამბობს დეგნანი და რუსული დეზინოფორმაციის ფონზე, შეერთებული შტატების პრინციპების სიმტკიცეზე საუბრობს.

ხუთ პუნქტად მოცემულ პრინციპებში, ელჩი დეგნანი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე, საქართველოს სუვერენული უფლების მიმართ, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, ალიანსებში გაწევრიანების თაობაზე და ხაზს უსვამს ბუქარესტის სამიტის მიერ 2008 წელს მიღებული დეკლარაციისადმი შეერთებული შტატების ერთგულებას.

  1. „ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე“.
  2. „ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე".
  3. „ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია“.
  4. „ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად, გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია“.
  5. „ჩვენ, ასევე, მტკიცედ ვართ ერთგული ბუქარესტის დეკლარაციის განცხადების მიმართ: საქართველო და სხვა პარტნიორები გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც გაწევრიანების პირობები დააკმაყოფილდება“ - აცხადებს კელი დეგნანი.

ელჩის თქმით, რუსეთს სურს, „გავლენის ექსკლუზიური სფერო დაამყაროს მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. პრეზიდენტ პუტინის მიზანია, ხელი შუშალოს ამ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, იმოქმედონ, როგორც სრულად სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში“.

კელი დეგნანი აცხადებს, რომ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, შეერთებულ შტატებს საქართველოს მთავრობასთან მჭირო კონტაქტი აქვს.

„ეს შეხვედრები უაღრესად აქტუალურია საქართველოსთვის და ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებსა და მოკავშირეებთან. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მოთხოვნები მიუღებელია. ეს არის მცდელობა, უარი უთხრან ცივი ომის შემდგომ 30-წლიან მშვიდობას, სტაბილურობასა და პროგრესს, ხელახლა შექმნან საბჭოთა ბატონობა და კონტროლი მეზობლებზე“ - აცხადებს ელჩი.

ელჩის თქმით, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, ძალიან ბევრი იშრომა და დიდი მსხვერპლი გაიღო 80-წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რასაც ნატო და სხვა ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა უზრუნველყოფს და საქართველო ამ ძალისხმევაში „იყო და არის ძლიერი პარტნიორი“.

„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა. ეს არ არის ის ღირებულებები, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები დგას. შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი თუ თავისუფლება. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: „ძალა ერთობაშია!“ - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG