ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციებს არ გადახედავს


ნატო რუსეთთან სამიტის წინ ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციების გადახედვას არ აპირებს. მეტიც, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნატოს სამიტის წინ მჭიდრო კონსულტაციები აქვს ქართველ და უკრაინელ პარტნიორებთან.

„ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებას, თუმცა ნებისმიერი გონივრული დიალოგი მიმართული უნდა იყოს ასევე რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებაზეც და ის უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით. ჩვენ ასევე ვმართავთ მჭიდრო კონსულტაციებს სხვა პარტნირებთან, მათ შორის, საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთან და ევროკავშირთან“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ის, რომ საქართველოსა და ნატოს შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, დასავლეთისთვის რუსეთთან საუბრის დროს, საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია.

„მე დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან, რომ ნატო არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებაში, რომ ის არის თანმიმდევრული მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და რომ ევროპული უსაფრთხოება დაფუძნებულია პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრ ზალკალიანის ამ განცხადებამდე სატელეფონო საუბარი შედგა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან. შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთსა და ნატოელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით უახლოეს პერიოდში სხვა აქტივობებიც არის დაგეგმილი, თუმცა დეტალები ამ დოისთვის უცნობია.

გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი. საუბრის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შერმანმა მინისტრ ზალკალიანს ამერიკის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთს მოუწოდებს საკუთარი საჯარისო შენაერთები 2008 წლის ომამდე არსებუ პოზიციებზე დააბრუნოს და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეტანხმება.

სატელეფონო საუბრის დროს ვენდი შერმანმა აღნიშნა, რომ საჭიროა დაიცვან სუვერენულ სახელმწიფოთა უფლება, რომ ქვეყნებმა თავად გადაწყვიტონ თუ რომელი უსაფრთხოების მექანიზმები ჭირდებათ.

ნატო რუსეთის მოლაპარაკებები მაშ შემდეგ ჩაინიშნა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ე.წ. ულტიმატუმები. კრემლი მოითხოვს, რომ ნატომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმოს სადაც ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.

უკვე მეორე თვეა რუსეთი უკრაინის საზღვართან დაძაბულობას ზრდის. კრემლმა ამ მიზნით უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკა და სამხედროები გადაისროლა. უკრაინული დაზვერვის 2021 წლის მონაცემებით მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმას 2022 წლის პირველ კვარტალში გეგმავს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ვაშინგტონი და ბრიუსელი კი კრემლს აფრთხილებენ და ამბობენ, რომ მძიმე პასუხს გასცემენ. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთმა შესაძლოა 2014 წელს განვითარებული პროცესების პროვოცირება მოახდინოს და უკრაინაზე იერიში მიიტანოს. კრემლმა დაახლოებით 8 წლის წინ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, მანამდე კი რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. შემდგომში კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამაოცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG