ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის სავალდებულო გამოცხადების უწყებები


შეერთებული შტატების კონგრესის იურიდიული კომიტეტი გეგმავს კენჭისყრას საკითხზე, დართოს თუ არა ნება, ტრამპის ადმინისტრაციის ახლანდელი ან ყოფილი და საარჩევნო კამპანიის ოფიციალური პირების მისამართით გაიცეს უწყებები სავალდებულო გამოცხადებით, რაც იქნება იმ გამოძიებების ნაწილი, რომელიც ეხება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას, კორუფციას და ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომელიც საზღვარზე ოჯახების განცალკევებას და ბავშვების დაკავებას ეხება.

კომიტეტის ხელმძღვანელმა დემოკრატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, როგორც თვითონ თქვეს, თეთრი სახლის და ფედერალური სააგენტოების მხრიდან თანამშრომლობის არარსებობის გამო, როდესაც საქმე ოფიციალურ პირებთან გასაუბრებას და დოკუმენტების წარმოდგენას ეხება.

თეთრმა სახლმა ზოგიერთ ოფიციალურ პირს, მათ შორის ყოფილ ადვოკატ დონ მაკ ქგანს მითითება მისცა კომიტეტის კითხვებზე პასუხი არ გაეცა. იმავდროულად, რესპუბლიკელები დემოკრატებს ბრალს სდებენ, რომ ისინი გამოძიებებს აჭიანურებენ და კანონმდებლების დროს ფლანგავენ.

იურიდიულმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ კენჭს უყრიან კომიტეტის თავმჯდომარე ჯეროლდ ნადლერისთვის უფლების მიცემას, უწყებები გამოსცეს ტრამპის უფროსი მრჩევლის ჯარედ კუშნერის, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ჯონ კელის, ყოფილი მთავარი პროკურორის ჯეფ სეშენსის და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, როდ როზენსტაინის მისამართით.

კომიტეტმა განაცხადა, რომ მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები და ჩვენებები ეხება „ტრამპის ადმინისტრაციის „ნულოვანი ტოლერანტობის“ და ოჯახების განცალკევების სხვა წესებს და პრაქტიკას, ბავშვების და ოჯახების დაკავებას. ასევე, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალური პირებისთვის და თანამშრომლებისთვის საპრეზიდენტო შეწყალების შეთავაზებას ან ამ თემაზე მსჯელობას.“

XS
SM
MD
LG