ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი თავს დაესხა იურიდიული კომიტეტის ახალ გამოძიებას


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იერიში მიიტანა დემოკრატების მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე. დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის გამოძიებას "დანაშაულის მაძებარი დიდი, მსხვილი სათევზაო ექსპედიცია" უწოდა.

კომიტეტმა, 2016 წლის არჩევნებთან და ტრამპის ორგანიზაციის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით, დოკუმენტები 81 ადამიანზე გამოითხოვა. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, წერილები დაიგზავნა "უდანაშაულო ადამიანებზე მათი დამცირების მიზნით". სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოძიებას ტრამპმა "ამერიკის ისტორიაში" ძალაუფლების ყველაზე დიდი გადამეტება" უწოდა.

წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში დაწყებული გამოძიება მოითხოვს "ამერიკელ ხალხს წარედგინოს საქმე მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლის, კორუფციის და ძალაუფლების გადამეტების თაობაზე" - თქვა კომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯეროდ ნადლერმა. მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აწარმოებდა "თითქმის ყოველდღიურ იერიშს ჩვენს საბაზისო საკანონმდებლო, ეთიკურ და კონსტიტუციურ წესებზე და ნორმებზე". ნადლერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამოძიება "კონგრესის მოვალეობაა".

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა გამოძიებასთან დაკავშირებით თქვა, რომ დემოკრატები ავიწროებენ პრეზიდენტს, რათა მისი ყურადღება მოდუნდეს და მან ნაკლებად შეუშალოს ხელი დემოკრატებს მათ "რადიკალურ მიზანში: ქვეყნის სოციალისტურ სახელმწიფოდ გადაქცევაში, ბავშვების დაბადებამდე დახოცვაში და "ახალი მწვანე ხელშეკრულების" შეთანხმების მიღწევაში, რომელიც მოსპობს სამუშაო ადგილებს და ამერიკას გააკოტრებს". სარა სანდერსის განცხადებით, თეთრი სახლის ადვოკატები და "თეთრი სახლის შესაბამისი ოფიციალური პირები" გადახედავენ იურიდიული კომიტეტის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს და მათ "შესაბამის დროს უპასუხებენ".

თეთრი სახლის გარდა, წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა დოკუმენტები გამოითხოვა იუსტიციის დეპარტამენტიდან, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის არქივიდან, ტრამპის ორგანიზაციიდან, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობამდე მის კუთვნილებაში მყოფი გლობალური ბიზნეს-იმპერია იყო და მისი ორი უფროსი ვაჟის საქმიანობის თაობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG