ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ყოფილი ადვოკატი: პრეზიდენტი თაღლითი და რასისტია


ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი, მაიკლ კოენი, რომელიც მასთან წლების განმავლობაში მუშაობდა, კონგრესის საგამოძიებო კომიტეტის წევრების შეკითხვებს პასუხობს. მან პრეზიდენტი "რასისტად" და "თაღლითად" მოიხსენია.

კოენმა კანონმდებლებლების შეკითხვებზე პასუხად თქვა, რომ ტრამპმა იცოდა მისი კამპანიის მრჩეველის, როჯერ სტოუნის "ვიკილიქსთან" კავშირების შესახებ. კოენის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა იცოდა რომ სტოუნს "ვიკილიქსის" დამფუძნებელ ჯულიან ასანჟთან ჰქონდა კომუნიკაცია დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის გატეხილი იმეილების გამოქვეყნების თაობაზე - მათ გასაჯაროებამდე. იმეილების სკანდალმა ტრამპის კონკურენტს, ჰილარი კლინტონს წინასაარჩევნო პერიოდში დიდი ზიანი მიაყენა.

კოენმა თქვა, რომ ტრამპმა ასევე იცოდა და მიუთითა კიდეც მას იმის შესახებ, რომ კონგრესის წინაშე უნდა ეცრუა, როდესაც მას კამპანიის პერიოდში მოსკოვში ცათამბჯენის აშენების შესახებ ჰკითხავდნენ. მაშინ კანდიდატი ტრამპი ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ რუსეთთან არანაირი ბიზნეს-ურთიერთობა არ ჰქონდა. კოენი ამბობს, რომ ტრამპი არ ელოდა გამარჯვებას.

"დონალდ ტრამპი არის კაცი, რომელმაც პრეზიდენტობისთვის კენჭი საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციისთვის იყარა და არა იმისთვის, რომ ქვეყანა გაეხადა უფრო დიდებული". - ამბობს კოენი. "მას არ ჰქონდა სურვილი ან განზრახვა იმისა, რომ ქვეყანას გასძღოლოდა, მას მხოლოდ საკუთარი თავის რეკლამირება და საკუთარი კეთილდღეობისა და ძალაუფლების შექმნა სურდა. კამპანია კი მისთვის ყოველთვის მარკეტინგის შესაძლებლობა იყო". აქვე კოენმა პრეზიდენტთან მუშაობის სხვადასხვა გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის "რასისტი" და "თაღლითია".

2016 წლის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ფინანსური დარღვევებსა და სხვა ფინანსური დანაშაულში დამნაშავედ ცნობილი კოენი ორი თვის შემდეგ ციხეში სამწლიანი საპატიმრო ვადის მოხდას დაიწყებს. მის დანაშაულს შორის, კონგრესის წინაშე წინა გამოსვლისას ცრუ პასუხების გაცემაც არის.

ვიეტნამში ჩრდილო კორეის ლიდერთან შესახვედრად წასულმა ტრამპმა კოენის კონგრესის წინაშე წარდგომამდე ცოტა ხნით ადრე "ტვიტერზე" დაწერა, რომ კოენი ტყუილებით ცდილობს თავისი პატიმრობის ვადის შემცირებას და ის ცუდი საქმეები, რაც მან გააკეთა, ტრამპთან არ არის დაკავშირებული.

კოენმა კონგრესის წინაშე იმ ფინანსური ანგარიშსწორების შესახებაც ისაუბრა, რომელიც პორნო-ვარსკვლავ სტორმი დანიელსთან შედგა. მისი თქმით, მან 2016 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სტორმი დენიელსს ფული გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ ის პრეზიდენტთან წლების წინ არსებული სექსუალური კავსირის შესახებ დუმილს განაგრძობდა. კოენის თქმით, ტრამპმა კოენს მოგვიანებით, უკვე პრეზიდენტობისას, საკუთარი პირადი საბანკო ანგარიშიდან 11 ჩეკი გამოუწერა. კოენმა კომიტეტს ერთ-ერთი ასეთი, 35 ათასი დოლარის ოდენობის ჩეკი წარუდგინა.

რაც შეეხება რუსეთთან ტრამპის კამპანიის და გარემოცვის წევრების კავშირს, კოენი ამბობს, რომ ამის თაობაზე მას "პირდაპირი მტკიცებულება" არ გააჩნია, თუმცა აქვს საკუთარი, პირადი ეჭვები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გარკვეული კავშირი ყოფილიყო. ამის თქმის საფუძველს მას დონალდ ტრამპსა და მის ვაჟიშვილს შორის შემდგარი საუბარი აძლევს, რომელსაც ისიც ესწრებოდა. კოენის მტკიცებით, საუბარი შეეხებოდა 2016 წელს, ნიუ-იორკში, "ტრამპ თაუერში" შემდგარ შეხვედრას, რომელსაც უმცროსი ტრამპი, პრეზიდენტის სიძე - ჯარედ კუშნერი და კამპანიის მენეჯერი პოლ მანაფორტი ესწრებოდნენ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ რუს ადვოკატთან ერთად.

დონალდ ტრამპი უარყოფს რუსეთთან ნებისმიერ კავშირს და იმას, რომ რაიმე ტიპის შეხვედრა კონკურენტის შესახებ, მისი დამაზიანებელი ინფორმაციის მისაღებად შედგა.

მაიკლ კოენი 1970 წლის "უოტერგეიტის სკანდალის" შემდეგ უმაღლესი რანგის მოწმეა, რომელიც კონგრესის წინაშე ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG