ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. რუსეთის გამოძიება დასასრულს უახლოვდება - მეთიუ უიტეკერი


"გამოძიება, ვფიქრობ, დასასრულს უახლოვდება და იმედი მაქვს, ანგარიშის მიღებას დირექტორ მალერისგან რაც შეიძლება სწრაფად შევძლებთ" - განაცხადა მეთიუ უიტეკერმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. უიტეკერი შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებს. სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის ჯგუფი კი, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანიის რუსეთთან შესაძლო გარიგების საქმეს იძიებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის პოსტზე უილიამ ბარი წარადგინა, მაგრამ ის კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია. სენატში გამართულ პირველ მოსმენაზე ბარმა თქვა, რომ გამოძიების ანგარიშს, შესაძლებლობის მიხედვით, საჯაროს გახდიდა.

რაც შეეხება მეთიუ უიტეკერს, ის მოვალეობას გასული წლის ნოემბრიდან ასრულებს, მას შემდეგ, რაც პოსტი ჯეფ სეშენსმა დატოვა. სეშენსი მალერის ე.წ. რუსეთის გამოძიებას ჩამოცილდა და პრეზიდენტის საყვედურების მიუხედავად, გამოძიებაში აღარ ერეოდა. გენერალური პროკურორი წესით, უნდა ზედამხედველობდეს სპეციალური გამომძიებლის მოვალეობას.

სეშენსის შემდეგ, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მეთიუ უიტეკერი, ამ ნაბიჯს არ დგამს, იმის მიუხედავად, რომ მას გამოძიებისადმი მიკერძოებული მიდგომის გამო, ასევე მოუწოდებდნენ, ჩამოცილებულიყო გამოძიებას. უიტეკერს წარსულში, პოსტის დროებით დაკავებამდე, გამოძიება არაერთხელ გაუკრიტიკებია.

გამოძიებამ ბრალი 34 ადამიანს და 3 კომპანიას წაუყენა. მათ შორის ბრალი უკვე ბევრმა აღიარა. ბოლო დაკავება გასულ კვირას მოხდა, როცა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ როჯერ სტოუნი, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ტრამპის ყოფილი მრჩეველი აიყვანა. მას ყალბი ჩვენებების მიცემაში, სამართალაღსრულებისთვის ხელის შეშლაში და მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ბრალი უკვე აღიარა ხუთმა მსხვილმა ფიგურამ. ისინი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობენ. ესენი არიან: პოლ მანაფორტი, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი; ჯორჯ პაპანდოპულოსი, მრჩეველი საგარეო პოლიტიკის დარგში, მაიკლ ფლინი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და მაიკლ კოენი, პრეზიდენტის ყოფილი პირადი ადვოკატი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG