ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალერის გამოძიება კვლავ აშშ-ის კონგრესის ყურადღების ცენტრშია


დონ მაკგანი, თეთრი სახლის ყოფილი ადვოკატი

დღეს შეერთებული შტატების კონგრესი კენჭს უყრის საგანგებო ზომას, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის შეტანას გენერალური პროკურორის უილიამ ბარის და თეთრი სახლის ყოფილი ადვოკატის დონ მაკგანის წინააღმდეგ. კანონმდებლები აღაშფოთა მათმა უარმა გამოცხადებულიყვნენ კონგრესში და პასუხი გაეცათ კითხვებზე, რომელიც კონგრესში, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით ჩატარებულ, ე.წ. მალერის ანგარიშის დასკვნის მიმართ გაუჩნდათ.

კონგრესს სურს მეტი წვდომა ჰქონდეს რობერტ მალერის ანგარიშზე, რომელიც რუსეთის ჩარევასთან ერთად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლის ალბათობასაც იძიებდა. მაკგანს კონგრესის კომიტეტებისთვის უნდა მიეცა ჩვენება იმაზე, თუ რა ხდებოდა გამოძიების დროს თეთრ სახლში, რაზეც ადვოკატმა უარი განაცხადა.

დონ მაკგანი მალერის გამოძიების მთავარ მოწმედ ითვლება, რომლის დაკითხვაც 30 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი ჩვენების მიხედვით, პრეზიდენტი ტრამპი თეთრი სახლის ადვოკატზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა რობერტ მალერი როგორმე გამოძიების მართვისთვის ჩამოეცილებინათ. მაკგანის ჩვენების მიხედვით, მან პრეზიდენტის ზეწოლის იგნორირება შესძლო.

ორშაბათს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას იუსტიციის დეპარტამენტთან. შეთანხმების საფუძველზე, წარმომადგენელთა პალატის წევრებს მალერის გამოძიების კრიტიკული მნიშვნელობის დოკუმენტებს გადასცემენ.

ჯერალდ ნადლერი, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
ჯერალდ ნადლერი, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე

კონგრესმენ ჯერალდ ნადლერის განცხადებით, რომელიც წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს, მათ გადასცემენ მალერის გამოძიების "ყველაზე მნიშვნელოვან" დოკუმენტებს, მტკიცებულებებს იმის თაობაზე, შეუშალა თუ არა ხელი მართლმსაჯულების აღსრულებას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ნადლერი აცხადებს, რომ იურიდიულ კომიტეტში, პანელის ყველა წევრს, იქნება ეს დემოკრატი, თუ რესპუბლიკელი, ექნება შესაძლებლობა შეასრულოს მისთვის "კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობა". ის ასევე ამბობს, რომ მიღწეული შეთანხმების გამო, კონგრესი აღარ უყრის კენჭს გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG