ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარის მიერ მალერის ანგარიშის შეჯამების დეტალები, დასკვნები... და პრეზიდენტის პასუხი


განახლება: ამერიკის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის მიერ წარდგენილი ანგარიში შეისწავლა, მისი 4 გვერდიანი შეჯამება კონგრესს კვაირას გაუგზავნა და მისი ტექსტი გაასჯაროვა.

ბარი აცხადებს, რომ მალერის ანგარიშის თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო გუნდს რუსეთთან შეთქმულებაში მონაწილეობა არ მიუღია და პრეზიდენტ ტრამპს დანაშაული არ ჩაუდენია.

ბარის წერილის გამოქვეყნებიდან მალევე, პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "არ არის თანამშრომლობა, არ არის [მართლმსაჯულებისთვის] ხელის შეშლა, [ბრალდებისგან] სრული და ტოტალური გათავისუფლება. ვინარჩუნებთ ამერიკის სიდიადეს!"

მალერის გამოძიების დეტალები

სპეცილურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა 22 თვის განმავლობაში წარმოებული გამოძიება დაამთავრა და “კონფიდენციალური ანგარიში” ამერიკის გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს პარასკევ საღამოს გაუგზავნა.

მალერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის, სავარაუდო, კავშირებს და პერზიდენტის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებას იძიებდა.

წერილში ბარი ამბობს, რომ მალერის თქმით, გამოძიებაზე 19 იურისტი, გამოძიების ფედერალური ბიუროს 40 აგენტი, დაზვერვის ანალიტიკოსები, ბუღალტერ-კრიმინალისტები და სხვა პროფესიის ადამიანი მუშაობდა. გამოძიების განმავლობაში მათ 2800-ზე მეტი ჩვენების მიცემის მოთხოვნის სანქცია გასცეს, 500-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს და 500-ზე მეტი მოწმე დაკითხეს.

რუსეთის ჩარევა 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში

ბარის თქმით, მალერმა გამოძიების ანგარიში ორ ნაწილად დაყო. პირველში ის დეტალურად აღწერს რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობას. ამ ნაწილში დასახელებულია დანაშაულები, რომლებიც “რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა პირებმა ჩაიდინეს.”

გამოძიებამ ვერ დადგინა, რომ ტრამპის კამპანიის წევრებმა შეთქმულებაში მიიღეს მონაწილეობა ან კოორდინაცია მოახდინეს რუსეთის მთავობასთან მის მიერ არჩევნებში ჩარევის საქმიანობაში
უილიამ ბარის წერილში მოცემული რობერტ მალერის ციტატა

“ანგარიში შემდეგ განმარტავს, რომ სპეციალური გამომძიებლის მიერ წარმოებული გამოძების მთავარი მიზანი იყო ის, შეუერთდა თუ არა რომელიმე ამერიკელი - მათ შორის, ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებული პირები - რუსეთის შეთქმულებას გავლენა მოეხდინა არჩევნებზე, რაც ფედერალური დანაშაული იქნებოდა. სპეციალურმა გამოძიებამ ვერ ნახა [მტკიცებულება], რომ ტრამპის კამპანიამ ან მასთან ასოცირებულმა რომელიმე პირმა მონაწილეობა მიიღო შეთქმულებაში ან კოორდინაცია გააკეთა რუსეთთან 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში,” აღნიშნულია ბარის წერილში. მან აქვე მალერის ანგარიშიდან ციტატა მოიყვანა - “გამოძიებამ ვერ დადგინა, რომ ტრამპის კამპანიის წევრებმა შეთქმულებაში მიიღეს მონაწილეობა ან კოორდინაცია მოახდინეს რუსეთის მთავრობასთან მის მიერ არჩევნებში ჩარევის საქმიანობაში.”

​მალერის გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში ორი მეთოდით ჩაერია. ერთი იყო ორგანიზაცია “ინტერნეტ კვლევის საატენტოს” საქმიანობა, რომელიც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებას ესმახურებოდა არჩევნებში ჩარევის მიზნით. სპეციალურმა გამომძიებელმა ამ ძალისხმევასთან ვეც-ერთი ამერიკელის კავშირი ვერ ნახა, თუმცა რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს და კომპანიას ბრალი წაუყენა.

ტრამპის კამპანია ან მასთან ასოცირებული ნებისმიერი პირი გაურიგდა ან კოორდინაცია მოახდინა რუსეთის მთავრობასთან ამ ძალისხმევაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაკავშირებულმა ადამიანებმა ტრამპის კამპანიას დახმარება რამდენჯემე შესთავაზეს
უილიამ ბარი

მეორე მეთოდი რუსეთის მთავრობის მიერ ჰაკერული თავდასხმების წარმოება იყო იმ მიზნით, რომ მოეპოვებინათ და გაევრცელებინათ ინფორმაცია, რომელსაც არჩევნების შედეგებზე ექნებოდა გავლენა. მალერის გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის მთავობამ წარმატებული ჰაკერული თავდასხმის მეშვეობით, დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტისა და საპრეზიდენტო კანდიდატ ჰილარი კლინტონთან დაკავშირებული პირების ელექტრონულ მიმოწერის ხელში ჩაგდება და შემდეგ ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროთ, მათ შორის, “ვიკილიქსის” გამოყენებით გაასაჯაროვა.

ბარი წერს, რომ სპეციალური გამოძიებისას არ გამოიკვეთა, რომ “ტრამპის კამპანია ან მასთან ასოცირებული ნებისმიერი პირი გაურიგდა ან კოორდინაცია მოახდინა რუსეთის მთავრობასთან ამ ძალისხმევაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაკავშირებულმა ადამიანებმა ტრამპის კამპანიას დახმარება რამდენჯემე შესთავაზეს.”

მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა

ბარის თქმით, მალერის ანგარიშის მეორე ნაწილში განხილულია პრეზიდენტ ტრამპის რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც საჯარო სივრცეში აქტიურად განიხილებოდა და პრეზიდენტის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებაზე მიუთითებდა.

ამ საქმის “ფაქტების დეტალური გამოძიების შემდეგ,” სპეციალურმა გამომძიებელმა გაითვალისწინა შეეფასებინა თუ არა ეს ნაბიჯები იუსტიციის დეპარტამენტის სტანდარტების თანახმად, მაგრამ “საბოლოო ჯამში, გადაწყვიტა არ მიეღო ტრადიციული სამაართლებრივი გადაწყვეტილება,” განაცხადა ბარმა წერილში.

“სპეციალურმა გამომძიებელმა, შესაბამისად, არ გამოიტანა დასკვნა - ერთის ან მეორეს მხრივ - იმასთან დაკავშირებით, შესწავლილი საქციელი ითვლება თუ არა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლად,” დაწერა გენერალურმა პროკურორმა. მან ასევე განმარტა, რომ მალერმა ანგარიშში ჩაურთო თითოეული გამოძიებული ნაბიჯის სამხილი ორივე მხრიდან. ანგარიში “გადაუჭრელად ტოვებს სპეციალურ გამომძიებლის შეხედულებას კანონისა და ფაქტების “რთულ საკითხებზე” იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს პრეზიდენტის საქციელი [გამოძიებისთვის] ხელის შეშლად,” აცხადებს ბარი ანგარიშის შეფასებაში. მას მალერის ანგარიშიდან ციტატაც მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ “ეს ანგარიში არ ასკვნის, რომ პრესიდენტმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ არც ათავისუფლებს მას ბრალდებისგან.”

გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტინმა და მე დავასკვენით, რომ სპეციალური ძიების დროს შემუშავებული სამხილი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავასკვნათ, რომ პრეზიდენტმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის დანაშაული ჩაიდინა
უილიამ ბარი

ბარი აცხადებს, რომ იმის გამო, რომ მალერმა საკუთარ ანგარიშში იურიდიული დასკვნა არ გააკეთა პრეზიდენტის მიერ დანაშაულის ჩადენასთან თუ უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ამ დასკვნის გაკეთება წარმოდგენილ, ფაქტებზე დაყრდნობით, გენერალური პროკურორის ვალდებულება გახდა.

იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებთან და იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ და ფედერალური კანონის პრინციპების გათვალისწინებით, “გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტინმა და მე დავასკვენით, რომ სპეციალური ძიების დროს შემუშავებული სამხილი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავასკვნათ, რომ პრეზიდენტმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის დანაშაული ჩაიდინა,” განაცხადა წერილში ბარმა.

მალერის სრული ანგარიშის გამოქვეყნების პერსპექტივა

გენერალური პროკურორის განცხადებით, მალერის სრული გამოძიება “კონფიდენციალურ ანგარიშად” დარჩება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია, ბარმა პირობა დადო, რომ გაასაჯაროებს ანგარიშის ყველა იმ ნაწილს, რომლის გავრცელების უფლებასაც კანონი და რეგულაციები მისცემს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG