ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალერის „რუსეთის გამოძიების“ ყველა მთავარი დეტალი


ლოდინი დასრულდა. თუმცა პოლიტიკური თამაში ახლა იწყება.

სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა, 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების საბოლოო დასკვნა გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს გაუგზავნა. ეს ნიშნავს, რომ მალერმა პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის კავშირების, ასევე რუსეთის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის თაობაზე 22 თვიანი გამოძიება დაასრულა.

გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ორი წლის განმავლობაში, გამოძიება ჩრდილად გასდევდა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის. ამასთან, გამოძიების თემამ ამერიკული საზოგადოების ორ ბანაკად გაყოფა გამოიწვია.

ბარმა კონგრესს წერილობით აცნობა, რომ მან მიიღო მალერის კონფიდენციალური დასკვნა და თქვა, რომ მან შესაძლოა კონგრესს „მთავარი მიგნებების შესახებ ამ უქმეებზევე“ მიაწოდოს ინფორმაცია.

მთავარი შეკითხვა, რომელზეც პასუხი მალერის გამოძიებამ უნდა გასცეს შემდეგია: გაურიგდნენ თუ არა ტრამპი ან მისი თანაგუნდელები რუსეთს ჰილარი კლინტონის კამპანიის ძირის გამოსათხრელად 2016 წელს? იყო თუ არა კოორდინაცია ტრამპის კამპანიას და რუსეთის აგენტებს შორის, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით? და მეორე: თუკი მართლაც მოხდა ერთგვარი გარიგება, მონაწილეობდა თუ არა მასში თავად პრეზიდენტი ტრამპი? მალერმა ასევე უნდა უპასუხოს კითხვას: შეეცადა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი გამოძიებისთვის ხელის შეშლას საკუთარი თავის და მისი მოკავშირეების დასაცავად?

ამ დროისთვის, "რუსეთის გამოძიებამ" ბრალი 37 ადამიანს თუ ერთეულს წაუყენა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის ექვს წარმომადგენელს. გამოძიების ფარგლებში 7-მა ადამიანმა ბრალი აღიარა და ხუთს კი პატიმრობა მიესაჯა. ტრამპთან დაახლოებული ადამიანების გარდა, მალერის რუსეთის გამოძიებამ ბრალი რუსეთის 20-ზე მეტ აგენტს წაუყენა.

მნიშვნელოვან საქმეებს შორის იყო, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის მაიკლ ფლინის საქმე. მან ფედერალური ბიუროსთვის რუსეთის ელჩთან საუბრების შესახებ ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალი აღიარა. მეორე, პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტის საქმე იყო. ის, ცოტა ხნის წინ, სასამართლომ რამდენიმე დანაშაულში დამნაშავედ სცნო და თავისუფლების შვიდნახევარი წლით აღკვეთა მიუსაჯა.

იუსტიციის დეპარტამენტისთვის დასკვნის გადაცემამდე იყო არაერთი სპეკულაცია, რომ სპეციალური გამომძიებელი ბრალს სხვებსაც წაუყენებდა, თუმცა ანგარიშის ჩაბარებამდე საქმის წარმოება დამატებით არავის წინააღმდეგ დაწყებულა.

დასკვნის ჩაბარება ასრულებს მალერის გამოძიებას, თუმცა პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო საქმისწარმოება ამით არ სრულდება. ტრამპის წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი საქმე ნიუ-იორკის სამხრეთ ოქლშია აღძრული, რომელიც პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს იძიებს.

რა არის შემდეგი ნაბიჯები?

თუ რა მოჰყვება მალერის დასკვნას, პრეზიდენტის გამართლება, მისი იმპიჩმენტი თუ რაიმე შუალედური ალტერნატივა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

კანონის მიხედვით ბარი გადაწვეტს თუ რა ნაწილები წარუდგინოს ან არ წარუდგინოს კონგრესსა და საზოგადოებას.

პრეზიდენტი გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას" უწოდებდა და იმეორებდა, რომ არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ის რუსეთს გაურიგდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მას არ აღელვებს“ დასკვნის გასაჯაროვება, თუმცა, დასკვნის გამოქვეყნების საკითხს, სავარაუდოდ, თეთრ სახლს, იუსტიციის დეპარტამენტს, ტრამპის პირად ადვოკატს და კონგრესს შორის დებატები და დავა მოჰყვება.

იუსტიციის დეპარტამენტის დადგენილებების მიხედვით, მალერს მოეთხოვება გენერალური პროკურორისთვის „კონფიდენციალური დასკვნის“ მიწოდება. ხოლო გენერალურ პროკურორს თავის მხრივ მოეთხოვება ამის შესახებ კონგრესისთვის ცნობა. თუმცა, კანონში არაა მოთხოვნა, რომ მალერმა მისი მიგნებები გაასაჯაროვოს.

გენერალური პროკურორი სენატის წინაშე
გენერალური პროკურორი სენატის წინაშე

პარასკევს, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, სარა სანდერსმა, საკუთარ განცხადებაში აღნიშნა რომ “შემდეგი ნაბიჯები გენერალურმა პროკურორმა ბარმა უნდა გადადგას და ჩვენ ველით პროცესის განვითარებას. თეთრ სახლს არ მიუღია და [მისთვის] არ გაუცვნიათ სპეციალური გამომძიებლის დასვკნა“.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა იქნება გამოძიების საბოლოო შედეგი, მნიშვნელოვანია გამოძიების ისტორია და ის, თუ როგორ მივიდა საქმე აქამდე.

როდ როზენსტინი
როდ როზენსტინი

დასაწყისი

სპეციალური გამომძიებლის მიერ საქმის შესწავლა 2017 წლის 17 მაისს დაიწყო. ამის შესახებ განცხადება გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როზენსტინმა გააკეთა. მან გამომძიებლად გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი, რობერტ მალერი დაასახელა. მალერმა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმდინარე გამოძიება გადაიბარა, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით ტრამპისა და რუსეთის კავშირების დადგენის შესახებ.

საქმის გადაცემისას, როზენსტინმა აღნიშნა, რომ სპეციალური გამომძიებლის დანიშვნა, არ უნდა ყოფილიყო აღქმული, როგორც დასტური, რომ ტრამპის საარჩევნო გუნდი არაკანონიერ კოორდინაციას აწარმოებდა რუს ოფიციალურ პირებთან. მისი თქმით, მალერისთვის საქმის გადაცემა იმას ადასტურებდა, რომ გამოძიება პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი იქნებოდა.

მალერს გამოძიება ნულიდან არ დაუწყია. საქმის წარმოება გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 2016 წლის 31 ივლისს დაიწყო (დაახლოებით, ერთი წლით ადრე, იქამდე სანამ მალერი საქმეს მიიღებდა), მას შემდეგ, რაც გაჩდა ეჭვები ტრამპის საარჩენო კამპანიის მრჩეველის კავშირების შესახებ რუსეთთან.

კომპრომატებიკლინტონზე

გამომძიებლებმა საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყეს რაც, ავსტრალიელმა დიპლომატმა, რომელიც ლონდონში ერთ-ერთ ბარში ტრამპის საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ჯორჯ პაპადოპოლოს შეხვდა, თქვა, რომ ალკოჰოლთან ერთად პაპადოპოლოსმა მას გაანდო ის, რომ ფიქრობდა, რომ რუსებს გააჩნდათ კომპრომატი, რასაც შეეძლო ტრამპის სავარაუდო ოპონენტის, ჰილარი კლინტონის კანდიდატურისთვის ზიანი მიეტანა. მაშინ კლინტონი დემოკრატიული პარტიის ნომინაციის პროცესში სხვა კანდიდატებს შორის ლიდერობდა.

2016 წლის 22 ივლისს, ვებსაიტმა „ვიკილიქსი“ ეროვნული დემოკრატიული კომიტეტის 20,000 მოპარული იმეილი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, ავსტრალიის მთავრობა დაუკავშირდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს. მათ გადადგეს ფრიად უჩვეული ნაბიჯი და მისცეს უფლება ავსტრალიელ დიპლომატს, ალექსანედ დოუნერს, რომელიც პაპადოპოლუს შეხვდა, FBI-ისთვის ჩვენება მიეცა.

ამერიკის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები უკვე ვარაუდობდნენ, რომ ეროვნულ დემოკრატიულ კომიტეტზე ჰაკერული შეტევის უკან რუსეთი იდგა. თუმცა, დოუნერის ინტერვიუმ მათ საფუძველი მისცათ საქმე სხვა კუთხითაც შეესწავლათ.

დიპლომატმა, გამოძიების ფედერალურ ბიუროს დამაჯერებელი მტკიცებულება წარუდგინა, რომ ტრამპის კამპანიის წარმომადგენელს ჰქონდა ინფორმაცია ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ თვეებით ადრე, ვიდრე ჩარევის მცდელობა საჯარო გახდებოდა. შედეგად, ბიურომ კონტრ-სადაზვერვო გამოძიება დაიწყო იმის გასარკვევად, ურიგდებოდა თუ არა ტრამპის საარჩევნო გუნდი რუსეთს.

მაიკლ ფლინი
მაიკლ ფლინი

გამოძიება საზოგადოების თვალში

2016 წლის სექტემბრისთვის, გამოძიების წარმომადგენლები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ კონგრესის წინაშე წარდგნენ. თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა.

ამ პერიოდში „ვიკილიქსის“ მიერ დამატებით კლინტონის კამპანიის მენეჯერის ჯონ პოდესტას ელექტრონული წერილები გასაჯოვდა. ამან გაამძაფრა ეჭვი, რომ ჰაკერული თავდასხმა რუსეთის მხრიდან არა მხოლოდ ქაოსის შექმნას, არამედ ტრამპის კამპანიის დახმარებას ისახავდა მიზნად.

გამოძიების დეტალები საჯარო 2017 წლის იანვარში გახდა. FBI-ის გამომძიებლები ტრამპის გუნდის და რუსი ოფიციალური პირების კავშირებს აკვირდებოდნენ. რუს ოფიციალურ პირებთან კავშირები ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ ფლინს თანამდებობად დაუჯდა. მას გადადგომა მას შემდეგ მოუწია, რაც გაირკვა, რომ გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან კომუნიკაციის შესახებ. ფლინმა ბრალი აღიარა და ეროვნული უშიშროების მრჩევლის თანამდებობა დანიშნვიდან დაახლოებით სამ კვირაში დატოვა.

ფლინის საქმის შემდეგ, გამოძიება მალერის გუნდს - 2017 წლის გაზაფხულზე - გადაეცა.

ტრამპის გენერალურმა პროკურორმა, ყოფილმა სენატორმა, ჯეფ სეშენსმა, გამოძიებაზე თავის არიდება გადაწყვიტა, რადგან ტრამპის საარჩევნო გუნდში მას უფროსი მრჩეველის პოსტი ეკავა. გამოძიებაზე ზედამხედველობა - რაც სხვა შემთხვევაში, გენერალური პროკურორის ფუნქცია იქნებოდა - მისთვის ინტერესთან კოფნლიქტს წარმოადგენდა.

ამ გადაწვეტილებამ ტრამპი გააღიზიანა. შედეგად ჯეფ სეშენსი გენერალური პროკურორის პოსტიდან იძულებით გადადგა. "რუსეთის გამოძიება" მის მოადგილეს, როდ როზენსტინს გადაეცა.

ჩანახატი: "მანაფორტის სასამართო"
ჩანახატი: "მანაფორტის სასამართო"

2017 წლის მარტში, გამოძიების არსებობა FBI-ის დირექტორმა, ჯეიმს კომიმ კონგრესის წინაშე წარსდგომისას დაადასტურა. კომის თქმით, პრეზიდენტმა მისგან „ერთგულება“ და ფლინის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტა მოითხოვა. კომიმ პრეზიდენტის მოთხოვნა არ შეასრულა. მაისში ტრამპმა კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ამის მიზეზად "რუსეთის გამოძიება" დაასახელა.

წერილში, რომლითაც გამოძიება მალერს გადაეცა, როზენსტინმა მას მისცა უფლება შეესწავლა „ნებისმიერი კავშირი და/ან კოორდინაცია რუსეთის მთავრობის და პრეზიდენტ ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებულ პირებს შორის და ნებისმიერი საკითხი, რაც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას გამოძიების პროცესში“.

მალერის მანდატი მოგვიანებით გაფართოვდა და მას პრეზიდენტ ტრამპის მიერ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის შესაძლო ხელის შეშლის საკითხიც დაემატა.

კომის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ენდრიუ მაკკაბემ, ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩუმად, ორი გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა იმაზე, თუ რამდენად გადაამეტა პრეზიდენტმა ძალაუფლებას და იყო თუ არა ის რუსეთის აგენტი.

ბრალდებების წყება

მალერის მიერ გამოძიება დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საზოგადოებამ მისი შედეგები იხილა. ივლისში პაპადოპოლუსი დააკავეს და მას გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენების მიცემაში წაუყენეს ბრალი. მან ბრალი აღიარა და პატიმრობაში ორი კვირა დაჰყო.

ოქტომბერში, ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერს, პოლ მანაფორტს და მისი მოადგილეს რიკ გეითსს შეთქმულებაში და ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი. ბრალდება რამდენიმე წლით ადრე მათ მიერ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინელი პოლიტიკოსებისვის გაწეულ სამუშაოს შეეხებოდა.

ბრალდება ტრამპს პირდაპირ არ უკავშირდებოდა.

ნოემბერში, ფლინმა გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალი აღიარა და დათანხმდა პროკურატურასთან თანამშრომლობას.

2018 წლის თებერვალში, მალერის გამოძიებამ რუსეთის 13 მოქალაქეს და სამ რუსულ კომპანიას, ამერიკის არჩევნებში ჩარევის შეთქმულებაში დასდო ბრალი. მოგვიანებით ამ სიას დამატებით 12 რუსი პირი დაემატა, რომლებიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო ეროვნული დემოკრატიული კომიტეტის და სხვების ელქტრონული ფოსტის გატეხვაში.

ამას გამოძიების მიერ მთავარი აღმოჩენების გაკეთება მოჰყვა.

თებერვლის ბოლოს, რიკ გეითსმა ბრალი აღიარა და პირობა დადო, რომ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან. აპრილში FBI-ის ტრამპის პირადი ადვოკატის, მაიკლ კოენის სახლი და ოფისი გაჩხრიკა.

ივნისში, მალერმა მანფორტის წინააღდეგ ბრალდებები განავრცო. გამოძიებამ მას მოწმეზე ზეწოლაში და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში დასდო ბრალი. ბრალდების ოქში რუსი დაზვერვის ოფიცერი და მანაფორტის ბიზნეს პარტნიორი კონსტანტინ კილიმნიკი იყო მოხსენიებული.

აგვისტოში მანაფორტი, პირველ სასამართლო პროცესზე, დამნაშავედ ცნეს უკანონო ბიზნეს საქმიანობაში. მან ასევე აღიარა ბრალი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში, რაც პრეზიდენტზეც მიანიშნებდა.

საქმე, მალერმა, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის მოასამართლეს გადასცა. ამ ბრალდებებიდან არც ერთი დანაშაული რუსეთის არჩევნებში ჩარევას არ უკავშირდებოდა.

მანაფორტმა მოგვიანებით სხვა დანაშაულებიც აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა თავისუფლების სანაცვლოდ. თუმცა, მალევე ცნობილი გახდა, რომ ის საპროცესო გარიგების შემდეგაც აგრძელებდა გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემას.

ბრალი აღიარა ასევე, ტრამპის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა კონგრესისთვის არასწორი ჩვენების მიცემაში. მას სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი
ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი

კომპრომისი და კიდევ ერთი დამნაშავე

ერთწლიანი დავის შემდეგ - 2018 წლის ნოემბერში - პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა გამომძიებლების კითხვებზე წერილობით პასუხის მიწოდებას.

2019 წლის იანვარში, ტრამპის მოკავშირე, როჯერ სტოუნი დააკავეს და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში, კონგრესის წინაშე სიცრუესა და მოწმეზე ზეწოლის მოხდენაში დასდეს ბრალი. გამომძიება ასევე სწავლობდა მის შესაძლო კომუნიკაციას რუს ჰაკერებთან (და მათთან დაკავშირებულ პირებთან) 2016 წლის საარჩევნო ციკლის განმავლობაში.

რასისტი, თაღლითი, ფლიდი

პრეზიდენტის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა კონგრესის წინაშე სამდღიანი ჩვენებით წარსდგომისას, ტრამპის წინააღმდეგ გაილაშქრა. კოენმა ტრამპმს „რასისტი“, „თაღლითი“ და „ფლიდი“ უწოდა. მისი მტკიცებულებით, მან დოკუმენტური სამხილი წარადგინა იმის საჩვენებლად, რომ პრეზიდენტმა საარჩევნო კანონის დარღვევით სცადა პორნო ვარსკვლავის, სტორმი დანიელსის გაჩუმება. ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ მას ტრამპმთან სექსუალური კავშირი ქონდა.

კოენმა თქვა, რომ „გაჩნდა კითხვები იმაზე მაქვს თუ არა პირდაპირი მტკიცებულება, რომ ტრამპი და მისი საარჩევნო გუნდი რუსეთს გაურიგდა. არ მაქვს.“ თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მას ქონდა „ეჭვები“ არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ტრამპის ოჯახის და რუსებს შორის კავშირების გარშემო.

ჯეფ სეშენსი
ჯეფ სეშენსი

ცვლილებები

​გამოძიების მიმდინარეობისას შეიცვალნენ ადამიანები, რომლებიც მას ზედამხედველობდნენ.

დონალდ ტრამპსა და ჯეფ სეშენსს შორის დაძაბულობა, ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა. ტრამპმა მის ადგილზე სენატს დასამტკიცებლად უილიამ ბარი წარადგინა.

ბარმა, სენატის მიერ მისი დამტკიცებისას განაცხადა, რომ ის იღებდა ვალდებულებას მალერისვის გამოძიების დასრულების შესაძლებლობა მიეცა. როდესაც მას საბოლოო დასკვნის გასაჯაროების თაობაზე კითხეს, ბარმა განაცხდა:

„ჩემი მიზანია უზრუნველვყო იმ დონის გამჭვირვალობა, რამდენიც შესაძლებელი იქნება კანონის შესაბამისად“.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG