ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში დღეს აშშ-ის ელჩს ევროკავშირში, გორდონ სონდლენდს მოუსმენენ. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმეა, რომელსაც იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში კანონმდებლები კითხვებს დაუსვამენ. მოსმენები საჯაროა და საზოგადოებას საშუალება აქვს მოწმეთა პასუხებს თვალი პირდაპირ ეთერში ადევნოს.
სონდლენდის შემდეგ მოუსმენენ პენტაგონის წარმომადგენელს ლორა კუპერს და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დევიდ ჰაილს. ხუთშაბათს კი კანონმდებელთა წინაშე წარდგება თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ფიონა ჰილი და საგარეო პოლიტიკის ოფიცერი დევიდ ჰოლმსი.
სამშაბათს კონგრესმენთა კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ ვიცე-ორეზიდენტ მაიკ პენსის თანაშემზე ჯენიფერ უილიამსი, ალექსანდერ ვინდმანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წამყვანი ექსპერტი უკრაინის საკითხებში და ამერიკის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი.
ყველა მათგანმა აქამდე უკვე უპასუხა შეკითხვებს დახურულ კარს მიღმა. გამოძიების მიზანია დაადგინოს, გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის სამხედრო დახმარების გაყინვის საკითხი იმისთვის, რომ უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლა მოეხდინა, გამოეძიებინა ჯო ბაიდენის შვილის ბიზნეს-საქმიანობა.
გორდონ სონდლენდი დონალდ ტრამპთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან აქტიურ კონტაქტზე იყო უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის მეორე დღეს კი ტრამპმა და სონდლენდმაც ისაუბრეს და ამ ზარისას პრეზიდენტმა სონდლენდს ჰკითხა, აპირებდა თუ არა უკრაინა იმ გამოძიების დაწყებას, რომელიც მან მოითხოვა.
Facebook Forum