ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი: სოლედარი რუსეთის ინტენსიურ იერიშებს უძლებს


სოლედარი, უკრაინა. 8 იანვარი, 2023 წ.
სოლედარი, უკრაინა. 8 იანვარი, 2023 წ.

მარილის საბადოებით ცნობილი, პატარა უკრაინული ქალაქის, სოლედარის ბედი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება. კიევმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები რუსეთის ინტენსიურ შეტევებს უძლებენ და ქალაქს არ თმობენ.

მოსკოვი ინტენსიურად და მნიშვნელოვანი ძალებით უტევს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის რეგიონში მდებარე ამ ქალაქს. სოლედართან გამართული ბრძოლები ყველაზე მწვავე აღმოჩნდა და ორივე მხარეს ყველაზე ძვირიც უჯდება მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელ უკრაინას თითქმის 11 თვის წინ, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე დაესხა. მსხვერპლი, გავრცელებული ცმობებით, ორივე მხარეს ძალიან დიდია.

მართალია, სოლედარის დაცემის შემთხვევაში, ეს ფაქტი ომში გარდატეხის შემტანი ვერ გახდება, მაგრამ თვეების განმავლობაში წარუმატებელი იერიშების და ფრონტის ხაზებიდან ცუდი ამბების მიღების შემდეგ, კრემლისთვის ეს მონაპოვარი ერთგვარი ჯილდო იქნებოდა. ამას გარდა, სოლედარის აღებას სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რუსეთი ცდილობს იქვე მდებარე ქ. ბახმუტის ალყაში მოქცევას და მის დაპყრობას, რის გამოც სოლედარი მოსკოვისთვის არამარტო სიმბოლური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტიცაა.

10 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, ევგენი პრიგოჟინმა თავისი სოციალური მედიის გვერდზე განაცხადა, რომ მისი ძალები სოლედარს უკვე აკონტროლებენ. პრიგოჟინი რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფების მეთაურია, სახელად ვაგნერის ჯგუფი, რომელიც სოლედართან იბრძვის. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ ბრძოლები ქალაქის ცენტრში ჯერ კიდევ გრძელდება.

ცნობილია, რომ ვაგნერის ჯგუფში დიდი რაოდენობით არიან სისასტიკით ცნობილი, რუსეთის ციხეებიდან აყვანილი და გაწვრთნილი დამნაშავეები. დასავლეთის დაზვერვის სააგენტოები ვარაუდობენ, რომ ამ ჯგუფის დაქირავებული ჯარისკაცები უკრაინაში მებრძოლი ჯარების დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ. სწორედ ისინი დგანან სოლედართან მიმდინარე ბრძოლების ავანგარდში. სოლედარში გამარჯვება პრიგოჟინს, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო ლიდერებს, სავარაუდოდ, კრემლზე გავლენის გაზრდაში დაეხმარება.

10 იანვარს, ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტმაც ივარაუდა, რომ რუსები უკრაინული მარილის მომპოვებელი ქალაქის დიდ ნაწილს უკვე აკონტროლებდნენ. ჯერჯერობით, დამოუკიდებელი მედია-საშუალებებით შეუძლებელია იმის დაზუსტება, თუ ვინ აკონტროლებს დღეს სოლედარს.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს, 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სოლედარში რუსეთის ძალების "დაწინაურების დადებითი დინამიკაა". როცა რუსეთის მთავრობის წარმომადგენელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ ქალაქს რუსეთის ძალები აკონტროლებენ, პესკოვმა თქვა: "მოდით ნუ ვიჩქარებთ და ოფიციალურ განცხადებებს დაველოდოთ".

ოთხშაბათსვე, უკრაინის ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის პრესსპიკერმა სერჰი ჩერევატიმ თქვა, რომ რუსეთის განცხადება, თითქოს მათ სოლედარი დაიპყრეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას დღეს უკრაინული მედია ავრცელებს. ჩერევატის სოლედარში შექმნილი ვითარების დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა თქვა, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით უკრაინის გენშტაბი გაავრცელებდა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა კი სოლედარი მხოლოდ იმ ქალაქების ჩამონათვალში დაასახელა, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ ჯერ კიდევ იბომბება.

სოლედარის აღება ქალაქ ბახმუტისთვის მებრძოლ რუსეთის ძალებს კრემლისთვის სასურველ უპირატესობას მიანიჭებს. ბახმუტი სოლედარის სამხრეთ-დასავლეთით, სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ის დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებისთვის მნიშვნელოვან, სტრატეგიული მომარაგების ხაზზეა განთავსებული. ბახმუტის გაკონტროლება რუსეთს მისცემს პლატფორმას, რომ ის ორი დიდი ქალაქისკენ, კრამატორსკის და სლოვიანსკის მიმართულებით დაწინაურდეს.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი პირველი მსოფლიო ომის ტაქტიკას იყენებს და გადამწყვეტ ბრძოლებში ჯარების დიდძალ ნაწილებს რთავს, რის გამოც მათ ცოცხალ ძალებში დიდი დანაკარგები აქვთ. "ეს არ არის 21-ე საუკუნის ომი" - უთხრა უკრაინის ტელევიზიას სერჰი ჩერევატიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ორშაბათის ტელემიმართვაში თქვა, რომ სოლედარში ერთი კედელიც აღარაა დარჩენილი, მიწა კი რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG