ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ორივე მხარე იერიშების ესკალაციაზე საუბრობს


Aftermath of recent shelling in Makiivka
Aftermath of recent shelling in Makiivka

რუსეთის არმია უკრაინაში სამიზნეებს ბოლო 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად უტევდა. აღნიშნულ ინფორმაციას 3 იანვარს, უკრაინის შეიაღებული ძალები ავრცელებს. ერთი დღით ადრე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ კიევმა მათ ძალებზე ბოლო 10 თვის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი იერიში მიიტანა, რომელშიც მოსკოვის თქმით, 63 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

რუსეთი უკვე მეოთხე ღამეა უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო საჰაერო იერიშებს არ წყვეტს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის მთავარ სამიზნედ კვლავ სამოქალაქო ობიექტები რჩება. მოსკოვის მიერ დრონებით მიტანილი იერიშების ფოკუსში ძირითადად უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმა მოხდა ქ. დრუჟკიივკის ყინულის ჰოკეის მოედანზეც.

3 იანვრის მონაცემებით, უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა ბოლო 24 საათში უკრაინაზე იერიში რაკეტებით თუ დრონებით თითქმის 140-ჯერ მიიტანა. მათ ორშაბათს, 2 იანვარს რუსეთის 39 დრონი ჩამოაგდეს, სამშაბათს კი - 27. მათი უმრავლესობა ირანული წარმოების "შაჰედის" დრონებია.

ბოლო დღის განმავლობაში თავად უკრაინელების იერიშები კონცენტრირებული იყო ხერსონის რეგიონის დასახლება ჩულაკივკაზე. რაც შეეხება კიევის მიერ 31 დეკემბერს მაკიივკაზე შეტევას, უკრაინის არმია ვარაუდობს, რომ იქ 500-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. დამოუკიდებელი წყაროებით აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მედიის მხრიდან ჯერჯერობით შეუძლებელია.

რუსეთმა 2 იანვარს აღიარა, რომ უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვერპლიან კონტრიერიშს ათეულობით რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. რუსეთის ნაციონალისტი ბლოგერები იმ რუსი მეთაურების დასჯას ითხოვენ, ვინც ჯარისკაცები ამუნიციის საწყობებთან ახლოს განალაგა, რის გამოც მსხვერპლი გაიზარდა. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, ამ ჯარისკაცების უმეტესი ნაწილი ახალწვეული იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მაკიივკის საწყობთან მომხდარ აფეთქებაში დაღუპულია 63 ჯარისკაცი. ისინი აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონის ამ ქალაქში დროებით სადგომებში, ე.წ. ბარაკებში იყვნენ განლაგებული. მოსკოვის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მათ საცხოვრებელს 4 ამერიკული "ჰაიმარსის" ტიპის რაკეტა მოხვდა. რუსეთი ასევე აცხადებს, რომ მათ ამ ოთხიდან 2-ის ჩამოგდება შეძლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG