ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოხდა ახალი წლის ღამეს მაკიივკაში?


უკრაინის სარაკეტო დარტყმა, 1 იანვარს, რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის დონეცკის რეგიონში განთავსებულ პროფესიულ სასწავლებელზე, სადაც მობილიზებული რუსი ჯარისკაცები ცხოვრობენ, უკრაინაში რუსეთის თითქმის ერთწლიანი ომის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ინციდენტად იქცა.

ამ დროისთვის სრული ინფორმაცია მომხდარის შესახებ ცნობილი არაა, თუმცა სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტებმა მათ ხელთ არსებული მასალების მიხედვით მომხდარი შეისწავლეს.

მაკიივკაში, პროფესიული სასწავლებლის შენობაზე დარტყმა პირველ იანვარს განხორციელდა. ამ ტერიტორიას რუსები 2014 წლიდან მოყოლებული აკონტროლებენ და ომის ამ ეტაპზე, დონეცკის რეგიონის დიდი ნაწილი, ისევე, როგორც მაკიივკას მიწები რუსული კონტროლის ქვეშ რჩება.

ინფორმაცია სარაკეტო თავდასხმის შესახებ, რუსების მიერ დანიშნულმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა, დანილ ბეზსონოვმა, გაავრცელა. ბეზსონოვის ცნობით, თავდასხმა ახალის წლის ღამეს, 00:01 საათზე მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სასწავლებელს უკრაინამ ექვსი ამერიკული „ჰაიმარსის“ რაკეტით დაარტყა.

რუსეთის რეგიონის, სამარას გუბერნატორის თქმით კი, მოკლულთა უმეტესობა ამ რეგიონიდან იყო.

სოციალურ მედიაში გავრცელებული გადაუმოწმებელი ვიდეო სავარაუდოდ აჩვენებს ადგილობრივებს, რომლებიც დაბომბვის წინ ვლადიმირ პუტინის შუაღამის საახალწლო მიმართვას უყურებდნენ.

ადგილიდან „როიტერის“ ფოტოები სასწავლებლის ნანგრევებს აჩვენებს.

მოკლულთა და დაჭრილთა შესახებ რუსეთისა და უკრაინის მხრიდან, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. "როიტერმა" ვერ შეძლო გადაემოწმებინა ზუსტად რამდენი ადამიანია მოკლული ამ თავდასხმის შედეგად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სარაკეტო თავდახმის დროს, მოკლულია 63 რუსი სამხედრო. სამინისტრომ მოკლულთა შესახებ ინფრომაცია მომხდარიდან, მხოლოდ 36 საათის შემდეგ დაადასტურა.

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთი მუდმივად ცდილობს, რომ დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელოს. მაგალითად, სამხედრო ხომალდ "მოსკვას" აპრილში ჩაძირვის შემდეგ, რუსეთი ამტკიცებდა, რომ იქ მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინამ ბევრად მაღალი მსხვერპლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ იქ 400 სამხედრო დაიღუპა. რამდენიმე სხვადასხვა რუსი ბლოგერიც, უკრაინულ ვერსიასთან მიახლოებულ ინფორმაციას ავრცელებს.

სამხედრო დამნაშავე იგორ გირკინმა „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ „ბევრი ასეული“ დაიღუპა და დაშავდა. მან თქვა რომ საბრძოლო მასალები და სამხედრო აღჭურვილობა ამ შენობებში ინახებოდა, რამაც აფეთქების გაძლიერება გამოიწვია. მან დანაკარგები რუსეთის „სწავლის უუნარო“ გენერლებს დააბრალა.

ჯგუფ „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა „ტელეგრამის“ არხმა „გრეი ზონამ“ თქვა, რომ სასწავლებლის კომპლექსში დაახლოებით 500 კაცი იყო განთავსებული.

რუსულმა სახელმწიფო სააგენტო „ტასსმა“ დონეცკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა სამიზნის აღმოჩენა რუსული მობილური ტელეფონების მეშვეობით მოახერხა, რომელსაც იქ მყოფი ჯარისკაცები იყენებდნენ

Facebook Forum

XS
SM
MD
LG