ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

600 უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ კრემლის მტკიცებას "როიტერი" არ ადასტურებს


დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი
დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი

კრემლი დარწმუნებით აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მართალი იყო, როცა განაცხადა, რომ ქალაქ კრამატორსკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 600 უკრაინელი სამხედრო „განადგურდა“. კრემლის მტკიცებას წინ უსწრებდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმა მიზანს ასცდა.

„კრემლს აქვს აბსოლუტური ნდობა. მინდა შეგახსენოთ პრეზიდენტის სიტყვები, რომ ინფორმაციის მთავარი წყარო თავდაცვის სამინისტროა“ - განაცხადა 9 იანვარს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

თუმცა, სააგენტო „როიტერის“ რეპორტიორი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, იტყობინება, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ქალაქ კრამატორსკიში, მსხვერპლის აშკარა ნიშნები არ იკვეთება. ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების შემდეგ, 8 იანვარს გაავრცელა.

„როიტერის“ ჟურნალისტები კოლეჯის იმ საერთო საცხოვრებელს ეწვივნენ, რომელშიც რუსეთის მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები იყვნენ განთავსებული. სააგენტოს ცნობით, ქალაქში მდებარე არცერთი საერთო საცხოვრებელი სერიოზულად დაზიანებული არ არის და მათზე განხორციელებული პირდაპირი თავდასხმის ნიშნები არ შეიმჩნევა. ადგილზე, ასევე არ იყო არანაირი ნიშანი იმისა, რომ იქაურობა უკრაინელი ჯარისკაცების მიერ იყო დაკავებული.

სერჰიი ჩერევატი, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის სამხედრო სპიკერი ვარაუდობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს აჩვენოს, რომ მათ ძლიერი პასუხი გასცეს უკრაინის მიერ, ბოლო დროს რუს ჯარისკაცებზე განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს.

XS
SM
MD
LG