ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრება


აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით თბილისში, საქალაქო სასამართლოსთან. 9 იანვარი, 2022 წ.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 9 იანვარს, მიმდინარე სასამართლო სხდომას არ ესწრება. სხდომის გახსნის წინ მოსამართლე გიორგი არევაძემ ექსპრეზიდენტის სასამართლოზე გამოუცხადებლობის მიზეზზე მიწოდებული ინფორმაცია წაიკითხა.

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილი გამოცხადებას ან ჩართვას: წარმოდგენილია პენიტენციური სამსახურის ოქმი, რომლის მიხედვითაც, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს, მისივე განმარტებით, პროცესზე დასწრებას ან დისტანციურად ჩართვას. ასევე, თანხმობა განაცხადა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების დასწრებით გაგრძელდეს ამ შუამდგომლობის განხილვა", - თქვა მოსამართლემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დისტანციურად ჩაერთვება ამერიკელი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ემანუელ ლახანი.

სხდომის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი აქციას მართავს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა, ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG