ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოროშენკო: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა


პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი ოდესაში, 2015 წლის, 30 მაისი.  

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, კომენტარი გააკეთა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომაც, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი 2015 წელს ოდესის გუბერნატორად დანიშნა, მოგვიანებით კი ის თანამდებობიდან დაითხოვა და მის მიერვე მინიჭებული უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. შედეგად, სააკაშვილი გარკვეული დროის განმავლობაში მოქალაქეობის გარეშე დარჩა, რადგან მანამდე მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.

რთული პერსონალური ურთიერთობის მიუხედავად , პოროშენკო ამბობს, რომ ახლა მთავარი სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა. კომენტარი ექპრეზიდენტმა “ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან საუბრის დროს გააკეთა.

"არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო იმაზე, მისი ყოფნა უკრაინაში დადებითი იყო, თუ უარყოფითი, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. მე ნამდვილად ვუსურვებ მას თავისუფლებას და ჯანმრთელობას. ესაა მნიშვნელოვანი. უარყოფითსა და დადებითზე მოგვიანებით ვისაუბრებთ ჩვენი [უკრაინის] გამარჯვების შემდეგ",- უთხრა პოროშენკომ "ამერიკის ხმას".

სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს გასულ კვირას ევროპაშიც. მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ ის შეშფოთებულია სააკაშვილის მდგომარეობით. 5 დეკემბერს, სანდუმ თავის “ტვიტერზე“ დაწერა „ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად“.

8 დეკემბერს, ტვიტი გამოაქვეყნა ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პეტერ სტანომაც, სადაც თქვა, რომ "ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელ უკანასკნელ ცნობებს. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს“.

სააკაშვილის ადვოკატი მასიმო დანჯელო და ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრები ბრიუსელში იმყოფებიან, საიდანაც ცდილობენ, რომ ევროპარლამენტარების ჩართულობით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მიაღწიონ.

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს უნდა გამართულიყო და მოსამართლე გიორგი არევაძეს უნდა ემსჯელა ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე. თუმცა 20 წუთის შემდეგ, მოსამართლემ თქვა, რომ სასამართლოს საქმის მასალების გასაცნობად დამატებითი დრო სჭრიდება და მომდევნო სხდომა14 დეკემბერს, 11 საათზე დაინიშნა.

XS
SM
MD
LG