ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანცლერი, კრემლი და გაზი - მერკელის გზავნილები მოსკოვიდან და კიევიდან


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ ბუნებრივი აირი გეოპოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ მერკელმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთთან გაზის იმ სატრანზიტო შეთანხმების მიმართ, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ბუნდოვანია და მას სურს ზუსტად იცოდეს, რას მიიღებს უკრაინა მას შემდეგ, რაც შეთანხმებას ვადა ამოეწურება.

ეს კანცლერის რანგში მერკელის ბოლო ვიზიტია უკრაინაში. გერმანია სექტემბერში ახალ კანცლერს აირჩევს. კიევში ვიზიტამდე კი ის მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მერკელის ვიზიტები უკრაინასა და რუსეთში უმთავრესად წინააღმდეგობრივი მილსადენის პროექტს და მის შედეგებს ეხება.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შედგება ორი პარალელური გაზსადენისგან, რომელიც 1 230 კილომეტრზეა გადაჭიმული. ის რუსეთის არქტიკულ ბუნებრივ აირს გერმანიაში ჩაიტანს, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით. ეს კიევს სატრანზიტო შემოსავლების სახით, სულ ცოტა, 2 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს. მილსადენს აქვს შესაძლებლობა გერმანიას წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ეს უკრაინაზე გამავალ დღევანდელ ტრანზიტს სრულად აანაზღაურებს და ჩაანაცვლებს. დასავლელი ანალიტიკოსების დიდი ნაწილი პროექტს როგორც უკრაინის, ისე ევროპის სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლოდ არ მიიჩნევს. ისინი ამბობენ, რომ პროექტი ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას გაზრდის და კრემლს ბუნებრივი ენერგიის გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენების საშუალებას გაუზრდის.

პროექტის განხორციელების მომხრე გერმანულ მხარეს წლების განმავლობაში ამერიკისგან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ხვდებოდა, თუმცა გერმანიამ და ამერიკამ გასულ თვეში შეთანხმებას მიაღწიეს: ამერიკა "ჩრდილოეთის ნაკადის" თითქმის უკვე ბოლომდე მიყვანილი პროექტის დასრულებას ხელს აღარ შეუშლის. მხარეები ამტკიცებენ, რომ დაეხმარებიან უკრაინას, რათა რუსეთმა გაზი და მისი ტრანზიტი ისედაც შევიწროვებული და ანექსირებული მეზობლის წინააღმდეგ არ გამოიყენოს. მხარეებმა ენერგო საკითხებში სპეციალური წარმომადგენლებიც კი დანიშნეს. მათი ერთ-ერთი მისია, სწორედ არსებული შეთანხმების გაგრძელების გზების ძიებაა.

მერკელმა პუტინთა შეხვედრის შემდეგ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ამ მიმარტულებით მუშაობის გაგრძელება სურს მანამ, სანამ პოსტს დატოვებს". ბერლინი უკრაინისთვის დანაკარგის ანაზღაურების მექანიზმებს განიხილავს, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს ერთგვარი პრაგმატული მიდგომა და კანცლერის დიპლომატია შესაძლოა ზედმეტად რბილიც აღმოჩნდეს.


უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ამერიკისა და გერმანიის ენერგომიმართულების მესვეურებთან ერთად განხილული იყო ის გარანტიები, რომლებიც უკრაინას ტრანზიტთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს მას შემდეგ, რაც "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ამუშავდება. გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა, პეტერ ალმაიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ეტაპზე არც დაუძლეველი წინააღმდეგობები უნდა შეიქმნას და არც რომელიმე რეკომენდაცია უნდა იყოს უგულვებელყოფილი.

გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტს კვირას შეხვდა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ქვეყნის ინტერესები დაცული იქნება, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი მეტ სიცხადეს ითხოვს იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ორშაბათს კი შეხვედრები კიევში "ყირიმის პლატფორმის" პარალელურად გაიმართა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის - ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას ეძღვნებოდა.

ალმაიერმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ არ დაუშვებენ ყირიმი ე.წ. "ბრმა წერტილი" ანუ უხილავი პრობლემა გახდეს. მოსკოვის მიმართ ქმედებების აუცილებლობაზე ისაუბრა ამერიკის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმაც და თქვა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს მანამ, სანამ რუსეთი ნახევარკუნძულის კონტროლზე უარს არ იტყვის, რუსეთი კი მისი აგრესიისთვის ანგარიშვალდებული უნდა იყოს.

"ყირიმის პლატფორმის" სამიტს უკვე გამოეხმაურა რუსული მხარეც. კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს სამიტი უკრაინის მხრიდან რუსეთის მიმართ გადადგმული "არამეგობრული" ნაბიჯი და ქმედებაა. პრეს-მდივანმა თქვა, რომ ამ სამიტის მიზანია შეეწყინააღმდეგოს იმის აღიარებას, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია.

"ჩვენ ამ ღონისძიებას ჩვენი ქვეყნისადმი უკიდურესად არამეგობრულად მივიჩნევთ. ჩვენ არ ვითებთ ასეთ აგრესიულ ურთიერთობას რუსეთის რეგიონის, ყირიმის მიმართ. მიდგომა აბსოლურუტად ნათელია - ამას ვუყურებთ როგორც ანტი-რუსულ ღონისძიებას", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები კი კვლავ აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონს. კონფლიქტს ამ წლების განმავლობაში 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 24 აგვისტოს უკრაინა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 30 წლისთავს აღნიშნავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG