ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენმა რუსული მილსადენის "რისკების შესამცირებლად" სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ამოს ჰოჩსტეინი ენერგო უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. მისი მთავარი ფუნქცია გერმანულ-რუსული მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შედეგად წარმოქმნილი „რისკების შემცირება“ და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო დამოუკიდებლობის გამყარება იქნება.

10 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ბლინკენი ამბობს, რომ ამ პოზიციაზე ჰოჩსტეინის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი მზადაა „შეეწინააღმდეგოს კრემლის მიერ ენერგორესურსების გეოპოლიტიკურ ბერკეტად“ გამოყენებას და ხელი შეუწყოს უკრაინის, ნატოს წევრების და ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხო და მდგრად ენერგო განვითარებას.

გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე შეთანხმებას 2 ივლისს მიაღწიეს, რითაც ორ მოკავშირეს შორის წლების მანძილზე არსებული უთანხმოება დასრულდა. ამერიკა წლების მანძილზე ეწინააღმდეგებოდა რუსულ მილსადენს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და უკრაინის გვერდის ავლით, გერმანიაში გაზის ჩატანას გეგმავს.

ბერლინმა და ვაშინგტონმა ერთობლივად პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს დაუჭერდნენ და დახმარებას გაუწევდნენ მას შემდეგ, რაც ქვეყანა რუსეთისგან სატრანზიტო შემოსავალს დაკარგავს. შეთანხმებაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანცლერმა ანგელა მერკელმა ასევე განაცხადეს, რომ მზად არიან რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენებას შეეწინააღმდეგონ.

სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან მოსალაპარაკებლად გერმანიამაც დანიშნა. ბერლინი ცდილობს რუსეთი დაიყოლიოს უკრაინასთან არსებული სატრანზიტო შეთანხმების 10 წლით გაგრძელებაზე. მიმდინარე შეთანხმებას ვადა 2024 წელს გაუვა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG