ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მთავარი პროკურორი შესაძლოა ტრამპ-ბაიდენის დაპირისპირებაში გადამწყვეტი ფიგურა გახდეს


უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი თანამდებობაზე მხოლოდ აგვისტოს ბოლოდანაა, მაგრამ სავარაუდოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურებთან და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი შესაძლო მეტოქის, ჯო ბაიდენის საქმესთან დაკავშირებული გამოძიებების მომავალ კურსისთვის ცენტრალური ფიგურა იქნება.

დემოკრატები ამბობენ, რომ ტრამპმა ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის უკრაინული ენერგო კომპანიის მმართველთა საბჭოში ყოფნის დროს, მისი ბიზნეს საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით უკრაინა დააშანტაჟა.

რესპუბლიკელები შანტაჟის ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ უკრაინის საქმეებში ორივე ბაიდენის როლის შესახებ სამართლებრივი კითხვები არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

უკრაინის გენერალური პროკურორი, რუსლან რიაბოშაპკა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა და პრეს-კონფერენციაზე პირობა დადო, რომ მისი წინამორბედის მიერ წარმოებული ყველა მნიშვნელოვანი გამოძიების „აუდიტს“ ჩაატარებს, მათ შორის, ზოგიერთი საქმისაც, სადაც ჰანტერ ბაიდენი ფიგურირებს.

4 ოქტომბერს, კიევში, რიაბოშაპკამ ჟურნალისტებს უთხრა საქმეების გადახედვის შემდეგ დაადგენენ, თუ რომელი გადაწყვეტილებები დარჩება ძალაში და რომელზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მან იქვე დაამატა, რომ წინასწარი ვარაუდების გაკეთება არ შეუძლია.

მან თქვა, რომ „ბურისმასთან“ დაკავშირებული კიდევ 15 საქმის გადახედვა მიმდინარეობს, კომპანიის, რომლის მმართველთა საბჭოში ჰანტერ ბაიდენი იყო.

„ბურისმას“ საქმიანობის დადგენა ძნელია. კომპანია კვიპროსშია რეგისტრირებული და კიევში ბაზირებული, მაგრამ უკრაინის დედაქალაქში მისი რეგისტრირებული შტაბბინა არ იძებნება.

როგორც იუწყებიან, მისი მფლობელი, მიკოლა ზლოჩევსკი მონაკოში ცხოცრობს. კიევში მისი ერთადერთი კვალი, ფეხსაცმლის მაღაზია ლუქსია, სახელად: „ზლოჩი“, რომელიც „ბურისმა ჰოლდინგის“ სახელზეა რეგისტრირებული. ზლოჩევსკის წინააღმდეგ კორუფციაში ბრალდებები ადრეც იყო, მაგრამ გამომძიებლებს ჰანტერ ბაიდენის ან ჯო ბაიდენის მიერ ჩადენილი უკანონობა არ გამოუმჟღავნებიათ.

„ბურისმას“ წინა გამოძიებების აუდიტი რამდენად ღრმა იქნება? სერჰი ლეშჩენკო, ყოფილი ოპოზიციური კანონმდებელი, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს პარლამენტის ანტი-კორუფციულ კომიტეტში მუშაობდა, ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მოთხოვნების წინაშე მდგარი უკრაინის ახალი პროკურორი ცდილობს დიპლომატიური იყოს.

ლეშჩენკომ „ამერიკის ხმას“ უთხრა: „ჩვენ (საქმეებს) გადავხედავთ. სინამდვილეში ეს არაფერს ნიშნავს, რადგან გადახედვა გამოძიებას არ ნიშნავს. ეს შეერთებულ შტატებში ორი დიდი პოლიტიკური ძალის ბრძოლის ველზე უკრაინის მოხვედრის მცდელობაა. უკრაინის წარმატებისთვის, ამ გაუგებრობიდან რაც შეიძლება შორს უნდა დავიჭიროთ თავი.“

მთავარი პროკურორი რიაბოშაპკა პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის საკვანძო ფიგურა იყო, როდესაც აპრილის არჩევნებში ის ხელისუფლებაში მოვიდა.

ლეშჩენკომ დაამატა: „იმავდროულად მას აქვს ძალიან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პიროვნების რეპუტაცია, რომელიც წინა პრეზიდენტის და მისი გენერალური პროკურორის წნეხის ქვეშ გადადგა.“

თვითონ ლეშჩენკო შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ კორუფციის სხვა საქმეში იყო ჩართული. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი მენეჯერის, პოლ მანაფორტის გამოძიებაში, რომელიც თაღლითობის და შეთქმულების ბრალდებით, შვიდნახევარი წლით ციხეში ჩასვეს.

მანაფორტის საქმის გამოძიების კიდევ ერთი საკვანძო მოთამაშე იყო ვიქტორ ტრეპაკი, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე., რომელიც ახლა გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ ადრე მიანიშნა, რომ პოლ მანაფორტის გამოძიებაში უკრაინის დახმარება, 2016 წლის არჩევნებში დემოკრატების სასარგებლოდ ჩარევის მცდელობა იყო. ლეშჩენკო ამ განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ გამოძიებებმა ამის მტკიცებულებები არ აჩვენა.

ლეშჩენკომ „ამერიკის ხმას“ უთხრა: „ამერიკულ არჩევნებში ჩარევის გაგებით არაფერი მომხდარა. ეს უბრალოდ შეთქმულების თეორიის ნაწილი იყო, რომელიც წინა გენერალურმა პროკურორმა შექმნა და ბატონი ჯულიანი სიხარულით დაეთანხმა.“

გაზეთ „კიევ პოსტის“ რედაქტორი ბრაიან ბონერი ამბობს, რომ ახალ გენერალურ პროკურორს რიაბოშაპკას, მოშლილი სისტემის გარდაქმნა მოუწევს. მან თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის და უკრაინის ეროვნული დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში, კორუფციის არც ერთ დიდ საქმეზე, არავინ დასჯილა.

პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც ასევე უკრაინის ყოფილ ადმინისტრაციასთან შეჯახების გამო დაითხოვეს, ამბობს რომ ეს უნდა შეიცვალოს.

საყვარელიძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა: „სხვაგვარად, ქვეყანა უბრალოდ კორუფციაში იხრჩობა. მაგალითად, უკრაინას შეუძლია ჰქონდეს სტიმული და შანსი რომ ამასთან დაკავშირებით ნამდვილად წამოიწყოს ძალიან აგრესიული ანტი-კორუფციული პოლიტიკა. ზელენსკის გუნდს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია, რომ ამ მიზანს მიაღწიოს. მათ პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, მთავრობის 100 პროცენტი მათია.“

რიაბოშაპკა და მისი გუნდი ამ ძნელი საქმის შესრულებაში მთავარი ფიგურა იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG