ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები: უკრაინა პოლიტიკურ გზაჯვარედინთან


სულ რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ახალმა პოლიტიკურმა ტალღამ სახელმწიფოს ლიდერად მოიყვანა სრულიად გამოუცდელი პოლიტიკოსი ვოლოდიმირ ზელენსკი. ის კომიკოსი იყო, პოპულარული შოუს წამყვანი მსახიობი.

არ არის გამორიცხული, ეს უქმეებიც შევიდეს უკრაინის ისტორიაში. კვირას იქ საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელზეც მოქალაქეები ისეთი ენთუზიაზმით არ დადიან, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ რუსეთთან ომით შეძრული ქვეყნისთვის ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური სუვერენიტეტისთვის ბრძოლა თითქმის ყოველდღიურად უწევს.

ამას გარდა, უკრაინის პარლამენტი - უმაღლესი რადა - ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ბევრ კრიტიკული მნიშვნელობის საკითხს წყვეტს, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, ბიუჯეტის დაგეგმვას, მინისტრების უმეტესი ნაწილის დანიშვნას და ა. შ. მართალია, კონსტიტუცია პრეზიდენტ ზელენსკის აძლევს უფლებას თავად შეარჩიოს კაბინეტიდან საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატს მხლოდ რადა არჩევს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცების შემდეგ კი პრემიერი კაბინეტის დანარჩენ მინისტრებს წარადგენს, რის შემდეგაც დამტკიცების მორიგი რაუნდი იწყება.

გამოკითხვის შედეგები

უკრაინაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების მიხედვით, პარლამენტში მოხვედრის შანსი 5 პარტიას აქვს. რადაში მოსახვედრად აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი გადალახონ.

გამოკითხვებში ზელენსკის პარტია ლიდერობს, სახელად „ხალხის მსახური". მას ელექტორატის უმეტესი ნაწილი უჭერს მხარს და რამდენიმე გამოკითხვის მიხედვით, ის საშუალოდ 41-დან 52%-იანი რეიტინგით სარგებლობს.

ეს არის ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო იდეების მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი, რომელსაც ძალიან მცირე კანონშემოქმედებითი გამოცდილება აქვს. პარტიის პოპულარობას უმეტესად არა მისი იდეოლოგია, არამედ პრეზიდენტის ფიგურა განსაზღვრავს.

მეორე ადგილზე 10-12%-ით მოდის პრორუსული პარტია სახელწოდებით „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“. მისი ლიდერია ვიქტორ მედვედჩუკი, ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას თანამებრძოლი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყოფილი თანაშემწე.

თუ გამოკითხვების პროგნოზი სწორი აღმოჩნდა, პარლამეტში ასევე მოხვდება ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“. მას საშუალოდ 8%-იანი რეიტინგი აქვს. ამ პარტიაში ერთიანდებიან წინა პარლამენტის სპიკერი და ვიცე-სპიკერი, ასევე ყირიმელ თათართა ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.

დაახლოებით იმდენივე ხმას, სავარაუდოდ ცოტა ნაკლებს 6-7%-ს აიღებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“, ანუ - მამული. ზედა ხუთეულში ბოლო ადგილზეა როკ-ვარსკვლავის სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა“.

ანალიტიკოსების პროგნოზი

სპეციალისტები ამბობენ, რომ პარტიების რეიტინგები მათთვის გამარჯვების მოპოვების გარანტი არ არის. პრეზიდენტ ზელენსკის „ხალხის მსახურის“ პოპულარობა არ ნიშნავს, რომ პარლამენტში ის უმრავლესობას მოიპოვებს.

ამ გარემოების მთავარი მიზეზი ის არის, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ნახევარი თითომანდატიანი ოლქებიდან კომპლექტდება. ამ ოლქებში ადგილობრივ პოლიტიკოსებს აქვთ მეტი შანსი პარტიების პოპულარობა დაძლიონ და თავად გაიმარჯვონ.

თითომანდატიანი ოლქების კანდიდატებში ზოგი პარტიის წევრი ან საერთოდ არ არის, ან პარტიებთან სუსტი კავშირი აქვს. ზოგი ისეთ პარტიაშია, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი საერთოდ არ გააჩნია.

აქედან გამომდინარე, ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი მელინდა ჰარინგი ფიქრობს, რომ ზელენსკის პარტიამ რადაში უმრავლესობა შეიძლება ვერც კი მოიპოვოს. „უმრავლესობა რომც მოიპოვონ, პოლიტიკურად სისულელე იქნებოდა, რომ ეს საქმე მარტო თვითონ იტვირთონ“ - უთხრა ანალიტიკოსმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციას. მელინდა ჰარინგის აზრით, ზელენსკის სავარაუდოდ, მოკავშირედ მეორე პარტია დასჭირდება, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში ხმების უმრავლესობის გარანტია ჰქონდეს და რადაში პრობლემებს თავი გაართვას.

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ექსპერტი კატერინა სმაგლი ამბობს, რომ თავად ზელენსკის პარტიის შიგნითაც აზრთა ისეთი სხვადასხვაობაა, რომ ზელენსკის პარტიის კონსოლიდაციის და ერთი იდეით გაერთიანების პრობლემა ექნება. „მას დანამდვილებით დასჭირდება პარტნიორი პარლამენტში“ - აღნიშნავს მაკკეინის ინსტიტუტის ანალიტიკოსი. ის მედვედჩუკის ბლოკთან გაერთიანების შანსს ვერ ხედავს. კატერინა სმაგლის აზრით, კოალიციაში ზელენსკის სავარაუდო პარტნიორები იქნებიან ტიმოშენკოს და ვაკარჩუკის პარტიები.

ერთპარტიული მმართველობის რისკი

პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წარმატებული კოალიციის ფორმირების შემთხვევაში, უკრაინაში ძალაუფლების ერთ ხელში კონსოლიდაციის რისკი ჩნდება. მართალია ეს ზელენსკის სოციალური და ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების, მათი სწრაფად დანერგვის საშუალებას მისცემს, მაგრამ ქვეყანა ერთპარტიული მმართველობის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.

„ჩვენ ერთპარტიული მართვის პრეცედენტი უკვე გვქონდა, ეს იყო ვიქტორ იანუკოვიჩის დროს „რეგიონების პარტია“, რომელიც ძალაუფლების ყველა შტოს აკონტროლებდა“ - აღნიშნავს უკრაინაში მცხოვრები პოლიტოლოგი ოლესია იახნო. მისი თქმით, ასეთი მმართველობის კულმინაცია, ევრომაიდანზე მომხდარი რევოლუციის სახით, უკრაინამ უკვე გამოსცადა.

ოლესია იახნო არც იმას გამორიცხავს, რომ ზელენსკიმ კოალიცია პრორუსულ პარტიასთან ჩამოაყალიბოს. მისი თქმით, თუ „ხალხის მსახური“ ვიქტორ მედვედჩუკის პრორუსულ პარტიასთან „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ გაერთიანდა, შესაძლოა უკრაინამ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისგან ოდნავ უკან დაიხიოს, შედარებით ზომიერი პოლიტიკა არჩიოს და რამდენიმე შემხვედრი ნაბიჯი რუსეთისკენაც გადადგას.

საარჩევნო უბნები უკრაინაში კვირას დილით გაიხსნება. უკრაინელი ხალხი კენჭს უყრის არამარტო საკუთარ მომავალს, არამედ შესაძლოა, ევროპის მომავალსაც. უკრაინა რუსეთის შემდეგ, მიწის ფართობით, ევროპის მეორე უდიდესი ქვეყანაა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG