ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ რუსეთთან ომში 9 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა


უკრაინელი ჯარისკაცის დაკრძალვა. კიევი, უკრაინა. 18 ივლისი, 2022 წ.

უკრაინის არმიის მაღალჩინოსნის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ცნობით, უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ რუსეთთან ომში 9 000-მდე ჯარისკაცი დაიღუპა. ზალუჟნიმ ეს განცხადება ორშაბათს გამართულ ვეტერანთა ღონისძიებაზე გააკეთა. ეს აპრილის შემდეგ პირველი ოფიციალური ცნობაა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის თავდასხმას 5 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეც შეეწირა. ომის დაწყებიდან დღემდე 972 უკრაინელი ბავშვია მოკლული ან დაშავებული. თუმცა, გაერო იმასაც ამბობს, რომ რეალურად ეს მონაცემები გაცილებით მაღალი იქნება. გაეროს ბავშვთა ფონდის, "იუნისეფის" დირექტორი კეტრინ რასელი აღნიშნავს, რომ დაღუპული ბავშვების უმეტესობა ასაფეთქებელი საშუალებებითაა მოკლული.

ოთხშაბათს 6 თვე შესრულდება, რაც რუსეთმა მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი დაიწყო. 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის და კომუნისტური რეჟიმისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებს, თავი მოარიდონ ჯგუფურ თავშეყრას, რადგან ამ დღეს რუსეთისგან მეტი აგრესიაა და "გამორჩეული სისაძაგლეა" მოსალოდნელი. კიევში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმდა. სადღესასწაულო თავყრილობები არამარტო 24 აგვისტოს, არამედ 4 დღის განმავლობაში, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით აიკრძალა.

ორშაბათს კიევი იუწყებოდა, რომ რუსეთმა განაახლა საჰაერო თავდასხმა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის მახლობლად, რომელიც ევროპის კონტინენტზე უდიდესი სადგურია. ადგილობრივმა გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თქვა, რომ რუსული რაკეტები ბირთვული ობიექტის დასავლეთით დაეცა. აფეთქებულია საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი და მაღაზიები.

ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმებს და საარტილერიო ცეცხლს უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს აბრალებენ. ტერიტორიას მარტიდან მოყოლებული რუსეთის არმია აკონტროლებს. ევროპის მთელი კონტინენტისთვის შექმნილი რისკებიდან გამომდინარე, გაერო იქ დემილიტარიზებული ზონის შექმნას და ობიექტზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG