ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ადმინისტრაცია 2030 წლამდე სათბური ემისიების განახევრებას გეგმავს


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ ამერიკაში ატმოსფეროში გამოყოფილი სათბური გაზები 2030 წლისთვის იმის 50-52 %-ით იქნება შემცირებული, რაც 2005 წელს იყო. თეთრი სახლი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ახალი მიზანი იმ ქვეყნებსაც წაახალისებს, რომლებიც ატმოსფეროში ყველაზე მეტ სათბურ გაზს აფრქვევენ და ამით კლიმატის ცვლილებებს ხელს უწყობენ.

ამერიკა ორდღიანი ვირტუალური გლობალური კონფერენციის "მასპინძელი" და ორგანიზატორია. ჯო ბაიდენის ინიციატივით, მსოფლიო ლიდერები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზებზე მსჯელობენ. დემოკრატი პრეზიდენტი ამბობს, რომ სურს მსოფლიოში გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საქმეში ინიციატივა და ლიდერობა კვლავ ამერიკას ეკუთვნოდეს მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა პარიზის კლიმატური შეთანხმება დატოვა და შესაბამისად, ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა. ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ოფისში, პარიზის კლიმატის შეთანხმებას ზუსტად 5 წლის წინ, 2016 წლის 22 აპრილს მოეწერა ხელი. შეთანხმებაზე მაშინ 175 ხელმოწერა დაფიქსირდა - 174 ქვეყანა და ევროკავშირი. მანამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამერიკამ და ჩინეთმა, რომლებიც ერთად მსოფლიოში ემისიების თითქმის ნახევარზე არიან პასუხისმგებელნი, პირობა დადეს, რომ შეთანხმების პირობებს დაიცავდნენ.

ბაიდენის ინიციატივა მისი უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც თეთრი სახლის ადმინისტრაციას 2050 წლამდე ამერიკის ეკონომიკის სრულად დეკარბონიზაცია სურს. ბაიდენი მიიჩნევს, რომ ეს ამერიკელებისთვის კარგად ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის, რესპუბლიკელები კი ამბობენ, რომ ეს გეგმა ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.

სათბური გაზების გაფრქვევა ყველაზე მეტად ენერგოსადგურებიდან, ავტომობილებიდან და ეკონომიკის სხვა სფეროებიდანაც ხდება, თუმცა თეთრ სახლს ჯერჯერობით არ დაუწესებია კონკრეტული მიზნები ამა თუ იმ ინდუსტრიისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG