ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს და ბაიდენს ხანძრებზე განსხვავებული შეხედულება აქვთ


კალიფორნიაში ტყეები კვლავ იწყვის. ხანძარმა 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამერიკის პრეზიდენტი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ამ ხანძრების მიზეზებად განსხვავებულ პრობლემებს ასახელებენ.

კალიფორნიაში ჩასულმა პრეზიდენტმა დასავლეთით მდებარე შტატებს ტყეების უკეთესი მართვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გამხმარი და გამომშრალი ხეები თუ ფოთლები ტყიდან მალევე უნდა გაიტანონ, რადგან ისინი საფრთხეს ქმნის.

ჯო ბაიდენმა კი ხანძრების შესახებ მისი მშობლიური შტატ დელავერიდან ისაუბრა და თქვა, რომ მართალია პრეზიდენტის მიერ კლიმატის ცვლილების უარყოფას ეს ხანძრები არ გამოუწვევია, მაგრამ თუკი ის მეორე ვადითაც იქნება არჩეული, ამგვარი "ჯოჯოხეთური მოვლენები" უფრო ხშირი, უფრო გამანადგურებელი და მომაკვდინებელი გახდება". მისი თქმით, დონალდ ტრამპი ფაქტებისა და რეალობის უარყოფას ირჩევს, რაც კლიმატის ცვლილებებთან და მის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლაში ფარხმლის დაყრას ნიშნავს.

პრეზიდენტს შეხვდა კალიფორნიის დემოკრატი გუბერნატორი და მისი აქტიური კრიტიკოსი გავინ ნიუსომიც. მან თქვა, რომ შტატის მიწის 56 %-ს ფედერალური მთავრობა აკონტროლებს და სწორედ მათ უნდა მიიღონ მეტი მონაწილეობა და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ ამ მიწის დაცვაში. მან კლიმატის ცვლილებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ შტატი მკაფიოდ გრძნობს, როგორ იმატებს ტემპერატურა და როგორ კიდევ უფრო მშრალი ხდება ისედაც მშრალი კლიმატი.

პრეზიდენტმა ტრამპმა გასული წლების განმავლობაში არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ კლიმატის ცვლილების საკითხი. რაც შეეხება ხანძრებს და მათი ინტენსივობის ზრდას, ამ მხრივ ის ტყეების მენეჯმენტში ხედავს პრობლემას. კალიფორნიის ხანძრებთან საბრძოლველად პრეზიდენტმა 26 000 ფედერალური თანამშრომლისა და 230 ვერტმფრენის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

კალიფორნია მეტწილად დემოკრატიული, ე.წ. ლურჯი შტატია და მოსახლეობის უმეტესობა მის მეორე ვადით არჩევას ეწინააღმდეგება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG