ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა და ჩინეთმა უკრაინის კრიზისი განიხილეს


ჩინეთი შეერთებულ შტატებს ეუბნება, რომ სურს იხილოს, უკრაინის საკითხში ჩართულმა მხარეებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ და დაძაბულობის ზრდა თავიდან აირიდონ. თავის მხრივ, აშშ ხაზს უსვამს დეესკალაციის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აფრთხილებს კრემლს, რომ აგრესიას უსაფრთხოების და ეკონომიკის რისკები მოჰყვება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ოთხშაბათს გვიან ღამით შედგა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელიც აძლიერებს დაძაბულობას და კრიზისს“ - ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ, ამის შესახებ ენტონი ბლინკენთან საუბრის დროს განაცხადა.

„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ წინსვლისთვის პასუხისმგებლიანი გზა, დეესკალაცია და დიპლომატიაა“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კოლეგებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარში, გლობალური უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის შემდგომი აგრესიით გამოწვეული ეკონომიკური რისკები ფიგურირებდა.

ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ვანგმა ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას ასევე თქვა, რომ არ შეიძლება ერთი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე და რეგიონული უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული სამხედრო ბლოკების გაძლიერებით, ან თუნდაც გაფართოებით.

დასავლეთის წინაშე წაყენებული ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიების“ ფარგლებში, რუსეთი მოითხოვს, ნატომ შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება და წერილობით განაცხადოს, რომ უკრაინა და საქართველო, არასდროს გახდებიან ნატოს წევრები.

ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, რაც ეხება ადამიანის უფლებებს, ვაჭრობის საკითხებს, ტაივანისა და ჩინეთის საზღვაო პრეტენზიებს, პეკინი მოსკოვთან კავშირებს აძლიერებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ვაშინგტონი არ გამორიცხავს ვლადიმირ პუტინს პერსონალური სანქციები დაუწესდეს. თავად პუტინი კი, მომავალ კვირაში, პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ფარგლებში, ჩინეთში ვიზიტს გეგმავს.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა განაცხადა, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მათი ოფიციალური პირები წარმოდგენილნი არ იქნებიან. ლიდერების განმარტებით, მიზეზი ადამიანის უფლებების მხრივ, ჩინეთში არსებული მძიმე მდგომარეობაა. პეკინი, მათ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამ ქვეყნების გადაწყვეტილება, სპორტის პოლიტიზების მცდელობაა.

XS
SM
MD
LG