ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ქურთებზე იერიშების შეწყვეტაზე უარს ამბობს


ოთხშაბათს თურქეთმა უარყო შეერთებული შტატების განცხადება იმის თაობაზე, რომ ანკარა მზად არის ქურთ მეომრებთან ბრძოლაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდეს. თურქეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო იერიშებს არ შეწყვეტს მანამ, სანამ ყველა საფრთხე არ მოიხსნება.

ამერიკამ თურქეთს ქურთების წინააღმდეგ შეტევების შეჩერება და ყურადღების კონცენტრირება დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოზე” შესთავაზა. მაგრამ, თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ რეჯებ ტაიპ-ერდოღანის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ქურთი მებრძოლები ანკარის “სამიზნედ დარჩებიან მანამ, სანამ უკან, ევფრატის აღმოსავლეთით არ დაიხევენ”.

ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ოთხშაბათს მხარეებს შორის შეტაკებების შეწყვეტიდან სამი დღე შესრულდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ამერიკის ორივე მოკავშირემ მშვიდობისკენ მოწოდება დროებით მაინც გაითვალისწინა. შეერთებული შტატების არმიის გენერალმა ჯოზეფ ვოუტელმა, რომელიც გენშტაბში ახლო აღმოსავლეთის ოპერაციების ზედამხედველია, სამშაბათს პენტაგონში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორივე ძალას, როგორც თურქეთს, ასევე ამერიკის მოკავშირე ქურთების ქვედანაყოფებს, რეგიონში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების საქმეში “კრიტიკული” მნიშვნელობა ენიჭება.

XS
SM
MD
LG