ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა ჯარაბსლუსში თურქეთსა და ქურთებს შორის დაპირისპირებას ამწვავებს


თურქი და სირიელი მებრძოლები, რომელთაც ზურგს შეერთებული შტატები საჰაერო იერიშებით უმაგრებს, სირიის საზღვართან ბრძოლას აგრძელებენ. მათ ქალაქ ჯარაბლუსთან დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო“ აიძულეს უკან დაეხია.

ეს ნაწილობრივ იმ ბევრი პარტნიორის ხელშეწყობით მოხდა, რომლებიც კოალიციაში დღეს ჩვენთან ერთად არიან - თქვა პენტაგონის პრეს-სპიკერმა პიტერ კუკმა.

მაგრამ მიმდინარე შეტაკებების გამო ამერიკის ორი პარტნიორი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თურქეთი აცხადებს, რომ სირიის საზღვარზე მოულოდნელი იერიშის დროს მისი მიზანი იყო დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებთან ერთად ქურთების ძალები ქალაქიდან ჩრდილოეთისკენ გაედევნა. ამ ინტენსიური შეტევის შემდდეგ ამერიკის მხარდაჭერით მებრძოლი სირიელი ქურთი მეომრები აცხადებენ, რომ ისინი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით განლაგებულ სამხედრო ბაზებზე დაბრუნდებიან.

თურქეთს მოუწევს არჩევანი გააკეთოს და გადაწყვიტოს, რა უფრო დიდი საფრთხეა და ღირს თუ არა მუშაობა ზომიერ ოპოზიციასთან, მათ შორის ქურთების ნაწილთან ერთად. მე ვერ დავრწმუნდები იმაში, რომ ისინი, ამ გადაწყვეტილების გარეშე, დაჯგუფებაისლამურ სახელმწიფოსთანმთელი გულით იბრძვიან - აღნიშნავს მაიკლ ოჰანლონი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი.

თურქეთი თავის მოქალაქეებზე მომხდარ თავდასხმებში, მათ შორის სტამბოლის აეროპორტის მსხვერპლიან ინციდენტში ბრალს დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” სდებს. თუმცა, მანამდე, თურქეთს ათწლეულების მანძილზე ჰქონდა ქურთი ტერორისტული დაჯგუფებების პრობლემებიც, მათ შორისაა ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელსაც ოფიციალური ანკარა ბევრ იერიშში, მათ შორის ხუთშაბათს თურქ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებს.

პარასკევს, მორიგი აფეთქება მოხდა თურქეთის ქალაქ ჯიზრეში, სადაც სულ ცოტა 11 პოლიციელი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. ქალაქი ჯიზრე, რომელშიც ქურთული მოსახლეობა ჭარბობს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის და ერაყის მოსაზღვრე პროვინციაში მდებარეობს. თურქეთის ოფიციალური პირები საპასუხო ქმედების განხორციელების პირობას დებენ.

პენტაგონის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” რჩება. “გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორებიც ასევე ჩათვლიან” - აცხადებს პიტერ კუკი.

თურქეთ-სირიის საზღვარზე განხორციელებული შეტევები ხაზს უსვამს თურქეთის ერთგულებას დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობისადმი. თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირები მაინც არ არიან ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ თურქეთის მზარდი აქტივობა მომავალშიც სტაბილურად შენარჩუნდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის საკუთარი საზღვრებიდან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს და ქურთ მებრძოლებს საბოლოოდ განდევნის.

XS
SM
MD
LG