ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკების დაწყების საწყისი ეტაპი თურქეთში


თურქეთის ხელისუფლება და მეამბოხეთა ქურთისტანის მუშათა პარტია შესაძლოა მოლაპარაკდნენ

თურქეთის ხელისუფლება და მეამბოხეთა ქურთისტანის მუშათა პარტია შესაძლოა მოლაპარაკების დაწყების საწყის ეტაპზე იმყოფებიან დაახლოებით 30 წლიანი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ.
ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერმა აბდულა ოჯალანმა საპატიმროდან თავის მომხრეებს მიმართა და მეომრებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და თურქეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, თურქეთის პრემიერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი და ქურთების ლიდერი აბდულა ოჯალანი კონფლიქტის მოგვარებას უჭერენ მხარს.
როგორც ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თურქეთის პროგრამის ხელმძღვანელი სონერ კაგაფთაი აცხადებს, ერდოღანს დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს და სურს რომ მის ხელშეწყობით თურქების და ქურთების დაპირისპირება ისტორიას ჩაბარდეს. სონერ კაგაფთაის განცხადებით:“ მას პრეზიდენტობა სურს და ამიტომ სასიცოცხლოდ დაინტერესებულია, რომ ტერორიზმი და ძალადობა სამუდამოდ აღმოიფხვრას თურქეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არავინ აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტად.
კაგაფთაის მტკიცებით, ერდოღანს თურქეთის საერთაშორისო სტატუსის ამაღლება სურს:“ მისი სურვილია თურქეთი რეგიონის ლიდერი გახდეს. ის კარგად აცნობიერებს, რომ ამ მიზნის მიღწევა კონფლიქტის მოგვარების გარეშე შეუძლებელი იქნება.“
ამ მოსაზრებას ეთანხმება ამერიკის პროგრესის ცენტრის ანალიტიკოსი მეტ დასი, მისი თქმით ერდოღანი და ოჯალანი დაინტერესებულნი არიან მშიდობით. ამას 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ანკარას კანდიდატურის წამოყენებაც უწყობს ხელს.
მეტ დასის განცხადებით:“ თურქეთი მოწადინებულია ოლიმპიადის მასპინძლობაში და კარგად ესმის, რომ ქურთების პრობლემა მათთვის მთავარი შემაფერხებელი იქნება. ამ საკითხის მოგვარება კი გაზრდის ოლიმპიადის ჩატარების შანსს. ოჯალანი შესაძლოა სწორედ ამ კოზირის გამოყენებას შეეცადოს.“
ბატონი დასის თქმით, თუ თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთისატნის მუშათა პარტიას შორის მოლაპარაკებები დაწყება ეს დიდი მიღწევა იქნება ქურთი ხალხის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის, რომელიც თურქეთის მეზობელ ქვეყნებში, - ირანში, ერაყსა და სირიაშიც მიმდინარეობს:“ ქურთები მთელ რეგიონში საუკუნე ნახევრის განმავლობაში დამარცხებულთა შორის არიან და მათი სამშობლო რამდენიმე ქვეყნის საზღვრებშია მოქცეული.“
როგორც პოლიტოლოგი სონერ კაგაფთაი ამბობს თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები ნავთობით მდიდარ ქურთულ ავტონომიასთან ერაყში თურქეთის შიგნით ქურთებთან კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით:“ თუ თურქეთი საკუთარ ქურთულ მოსახლეობასთან მოაგვარებს პრობლემას და ერაყელ ქურთებსაც დაუახლოვდება მაშინ ის სირიელ ქურთებზეც მოახდენს გავლენას.“
XS
SM
MD
LG