ლარი კუდლოუ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. “ჩვენს დიდ ლარი კუდლოუს, რომელიც დაუღალავად შრომობდა ვაჭრობის და ეკონომიკის საკითხებზე, გულის შეტევა დაემართა” - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა “ტვიტერზე” ზუსტად ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის წინ.
მოგვიანებით, განცხადება გააკეთა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა. მასში ნათქვამია, რომ 70 წლის კუდლოუ თავს უკეთ გრძნობს. შეტევა ძალიან მსუბუქი იყო და პრეზიდენტის მრჩეველი ამჟამად მერილენდის შტატში მდებარე უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში მკურნალობს.
კუდლოუ მრჩევლად მარტში დაინიშნა. მისმა წინამორბედმა გარი კოენმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა სავაჭრო ტარიფების დაწესებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ტარიფებს არც კუდლოუ ემხრობა, მაგრამ აცხადებს, რომ ტრამპის მიზნებს ეთანხმება.
Facebook Forum