ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მარტში ამერიკაში ფოლადის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდა, ალუმინზე კი 10%-იანი. თუმცა კანადის, მექსიკის, ბრაზილიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის დროებითი გამონაკლისი იქნა დაშვებული.

გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, იმპორტზე გაზრდილ გადასახადს ისინი 1 ივნისამდე არ გადაიხდიან. ეს ამ ქვეყნებს ამერიკულ მხარესთან მოსალაპარაკებლად მეტ დროს მისცემს. ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდა ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და ბევრი სხვა ექსპორტიორი ქვეყნისთვის.

ადმინისტრაციის განცხადებით, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს არგენტინასთან, ბრაზილიასა და ავსტრალიასთან.

კანადა ფოლადისა და ალუმინის ყველაზე დიდი მიმწოდებელია შეერთებული შტატებისთვის. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ორშაბათს განაცხადა, რომ ეს ტარიფები ორ ქვეყანას შორის კომპლექსურ სავაჭრო ურთიერთობებს გაართულებს.

„ჩვენს საზღვარზე ყოველდღე მილიარდობით დოლარის ღირებულების პროდუქტის გაცვლა ხდება. ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების მხრივაც: კანადური ალუმინი გამოიყენება ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების შესაქმნელად, კანადურ ფოლადს იყენებენ ასევე ამერიკული ჯავშანტექნიკისთვის. ასე რომ, არც ერთი სხვა ორი ქვეყნის ფოლადისა და ალუმინის ინდუსტრია არაა ისე ინტეგრირებული, როგორც ამერიკისა და კანადის“, განაცხადა ტრუდომ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ ევროპასა და ამერიკას შორის სავაჭრო ომი დაიწყება, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე გამონაკლისი არ გავრცელდება.

ბაადერ ბანკის ბაზრების ანალიტიკოსი რობერტ ჰალვერი ამბობს, რომ დროა ევროპული სახელმწიფოები ბოლომდე ამერიკაზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი.

"ომის დასრულების შემდეგ, ამერიკელებს ყოველთვის შეჰქონდათ წვლილი მსოფლიო ეკონომიკაში და ევროპა ამით სარგებელს იღებდა, მაგრამ ეს დრო დასრულდა. ახლა ამერიკას სურს საკუთარ თავზე კონცენტრირება. ეს ნიშნავს, რომ ევროპამ საკუთარი საქმეები უნდა მოაწესრიგოს და ეს ძალიან რთულია. ორი რამ გვჭირდება: საგარეო საკითხებში უნდა შემცირდეს ტარიფები ამერიკულ საქონელზე და საშინაო საქმეებში - გვჭირდება რეფორმები", ამბობს რობერტ ჰალვერი.

მიჩიგანში სიტყვით გამოსვლისას, გასულ კვირას, პრეზიდენტმა ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირება გაიმეორა და თქვა, რომ გამოეთიშება ყველა საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებას, რომლებიც ამერიკისთვის სამართლიანი არ არის.

ტრამპი, განსაკუთრებით, ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობაში არსებულ დისბალანსს აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც ამერიკამ ჩინეთს გაზრდილი ტარიფები დაუწესა, პეკინმა საპასუხო ნაბიჯების გადადგმის პირობა დადო. ტრამპმა კი თქვა, რომ მიუხედავად მძაფრი დაპირისპირებისა, ჩინეთთან ვაჭრობის მხრივ, სამართლიან გარიგებას მიაღწევს.

შეერთებული შტატების დელეგაცია პეკინში წასასვლელად ემზადება ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკების დასაწყებად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG