ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარტიაში ტრამპის მხარდაჭერთა რაოდენობამ იკლო


სკანდალური ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ და მოგვიანებით, სენტ-ლუისში გამართული მეორე სატელევიზიო დებატების დასრულებისთანავე, რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა რაოდენობამ იკლო. გავლენიანმა სენატორმა ჯონ მაკ-კეინმა 8 ოქტომბერს თქვა, რომ ის ტრამპს მხარს აღარ დაუჭერს და არჩევნებზე მას საკუთარ ხმას აღარ მისცემს.

გუშინ, რესპუბლიკური პარტიის მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა, სპიკერმა პოლ რაიანმა კონგრესში შეკრებილ კანონმდებლებს განუცხადა, რომ კამპანიის განმავლობაში ტრამპის დაცვას აღარ აპირებს. ახალი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც “უოლ-სტრიტ ჯორნალმა” და “ენ-ბი-სიმ” ჩაატარეს, ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ტრამპის რეიტინგებმა მკვეთრად იკლო და ის ახლა პოპულარობით ჰილარი კლინტონს 11 პროცენტით ჩამორჩება.

2005 წელს გაკეთებულ ჩანაწერში დონალდ ტრამპი ქალებზე ვულგარულად საუბრობს, მათზე ძალადობით თავს იწონებს და ქალების მიმართ სექსისტურ გამონათქვამებს იყენებს. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა მომხდართან დაკავშირებით ბოდიში საკუთარ ფეისბუქის გვერდზე მოიხადა. კვირას, კლინტონთან მიმდინარე ტელედებატების დროს კი თქვა, რომ ეს უბრალოდ, მამაკაცებს შორის გამართული ჩვეულებრივი დიალოგი იყო.

XS
SM
MD
LG