ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრეფიკინგის პრობლემა საქართველოში, უკრაინაში და გლობალურად


კრისტენ აბრამსი - მაკკეინის ინსტიტუტში ადამიანთა ტრეფიკინგთან ბრძოლის პროგრამის უფროსი დირექტორი
კრისტენ აბრამსი - მაკკეინის ინსტიტუტში ადამიანთა ტრეფიკინგთან ბრძოლის პროგრამის უფროსი დირექტორი

„ადამიანთა ტრეფიკინგი ეს არის ვინმესთვის თავისუფლების და ღირსების წართმევა საკუთარი მოგებისთვის, იქნება ეს სექს ტრეფიკინგი თუ შრომითი ტრეფიკინგი. საბოლოო ჯამში, ხდება ვიღაცის ინდივიდუალური თავისუფლების და ღირსების მიტაცება - ჩემი აზრით, ეს იქნება საუკეთესო განმარტება თქვენი მაყურებლისთვისაც“ - ამბობს კრისტენ აბრამსი, მაკკეინის ინსტიტუტში ადამიანთა ტრეფიკინგთან ბრძოლის პროგრამის უფროსი დირექტორი. მას ჩვენ ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით ჩამოვართვით, რომელიც ორშაბათს, 19 ივლისს გამოქვეყნდა.

რას გვეტყვით ახალ ანგარიშზე? რა ვითარებაა გლობალურად და საერთოდ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პრობლემის ყოველწლიური მონიტორინგი?

ვულოცავ სახელმწიფო დეპარტამენტს და ბაიდენის ადმინისტრაციას ამ ანგარიშს. მსგავსი ინფორმაციის თავმოყრა მონუმენტურ შრომას მოითხოვს. ეს ერთგვარი ოქროს სტანდარტია იმის განსაზღვრისთვის, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ მთავრობებმა ადამიანთა ტრეფიკინგის დასამარცხებლად, მათ შორის აქ, ამერიკაში. სახელმწიფო დეპარტამენტი იმასაც აფასებს, თუ როგორ ებრძვის ეს ქვეყანა ტრეფიკინგს. არც ჩვენ ვართ სრულყოფილები.

რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი. პირველი: სახეზეა ბრწყინვალე პროგრესი. გუშინ შესაძლებლობა მომეცა შევხვედროდი 5 მთავარ გმირს, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ ცერემონიაზე დააჯილდოვეს. ისინი წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს ეწევიან. თუმცა, როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, შედეგი არაერთგვაროვანია და წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.

მეორე: ქვეყნების ¾-ზე მეტი მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტით არის განსაზღვრული. ბოლო, მე-3 კატეგორიაში 22 ქვეყანა იმყოფება, ეს ნიშნავს, რომ იქ ტრეფიკინგთან საბრძოლველად მინიმუმსაც კი არ აკეთებენ. ასე რომ, პროგრესის პარალელურად, დაუძლეველი პრობლემაც ბევრია...

მესამე, რასაც გამოვყოფდი: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კლიმატური ცვლილებების შედეგთა ანგარიშში ჩართვამ. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ის უზარმაზარ გავლენას ახდენს ტრეფიკინგის მიმართ მოწყვლად ჯგუფებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ანგარიში უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე გამოიცა. უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრამ აღმაშფოთებელი შედეგები და რეგიონში მილიონობით უკრაინელი თუ სხვა ხალხისთვის უზარმაზარი ტანჯვა მოიტანა.

უკრაინას მალე დავუბრუნდებით, მანამდე კი მოდით, საქართველოზე ვისაუბროთ. ანგარიშიდან ვიტყობთ, რომ საქართველო 2015 წლიდან კვლავ პირველ, საუკეთესო ქვეყნების კატეგორიაშია. ამის მიუხედავად, ალბათ არსებობს მიმართულებები, რომელთა დასახვეწად მეტი მუშაობაა საჭირო.

დიახ, ვფიქრობ, ეს ნამდვილად ღირსშესანიშნავია, რომ საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ კატეგორიაში. ეს ყოველთვის ასე არ იყო. არცთუ დიდი ხნის წინ, 2003 წელს, საქართველო ბოლო, მე-3 კატეგორიაში გახლდათ. ასე რომ საქართველოს უფლებადამცველები, არასამთავროები თუ მთავრობა, ყველა ქების ღირსია, ვინც დაუღალავად იბრძვის სიტუაციის გაუმჯობესებისთვის.

იმ კრიტერიუმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლითაც სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნებს აფასებს, საქართველოში იზრდება შრომის ინსპექციის მასშტაბი, რომელიც აკონტროლებს იძულებითი დასაქმების კონტროლს, ნამდვილად პროგრესია ამ მიმართულებით...

თუმცა, როგორც ყველგან, ისე საქართველოშიც, პანდემიის დროს ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირება, გამოძიება და დასჯა შენელებული იყო. შესაბამისად, მსხვერპლის გამოვლენის მონაცემები შემცირებულია და სასურველია ამ მიმართულებით მეტი მუშაობის გაწევა. ეს გლობალური ტენდენციაა და სიტუაცია სხვა ქვეყნებშიც ანალოგიურია...

კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას: ტრეფიკერებმა არამარტო სასჯელი უნდა მოიხადონ, არამედ კომპენსაციაც უნდა გადაიხადონ... შესაძლებელია მოსამართლეების გადამზადება, რათა მათ უზრუნველყონ მსხვერპლისთვის კომპენსაციის გადახდა. ეს პრობლემა არც ამერიკისთვისაა უცხო.

ასევე, უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ უზრუნველყოფილ იქნას უცხოელი მიგრანტი დაქირავებული მუშახელის უფლებების დაცვა, მათი მოძიების და დაქირავების მთელი პროცესი სამართლიანი უნდა იყოს. საქართველო არც ამ საკითხშია მარტო, ეს პრობლემა ბევრგან ფიქსირდება.

რას გვეტყვით უკრაინაში და მის მეზობელ ქვეყნებში შექმნილ ვითარებაზე?

უნდა აღინიშნოს, რომ იმ ქვეყნების მონაცემებით, რომლებიც უკრაინიდან გამოქცეულ ლტოლვილებს თავშესაფრით უზრუნველყოფენ, მათ შორის 90 პროცენტზე მეტი ქალი და გოგონაა... ჩვენ ისედაც გვიჭირდა გლობალურ ტრეფიკინგთან გამკლავება და ეს პრობლემა დამატებით ტვირთად დააწვა იმ ქვეყნებს, რომლებიც მათ იფარებენ. ადამიანთა ეს ჯგუფი ხომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტრეფიკინგის მიმართ.

ჯერ სრული მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ უკვე შემოდის ინფორმაცია იმაზე, რომ ტრეფიკერები მათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არარსებულ სამსახურებს პირდებიან, შემდეგ კი, როცა ისინი აღმოაჩენენ, რომ სამუშაო ფიზიკურად არ არსებობს, გაცილებით ცუდ პირობებს თანხმდებიან. ჩვენთვის ცნობილია სექს ტრეფიკინგის შემთხვევების ზრდის თაობაზეც. ეს ეხება არამარტო ლტოლვილებს, რომელთაც ქვეყანა დატოვეს, არამედ ქვეყნის შიგნით დევნილ უკრაინულ მოსახლეობასაც, რომლებიც ადამიანთა ტრეფიკინგის მაღალი რისკის ქვეშ არიან.

რეპორტაჟებში მინახავს საგზაო ნიშნების მსგავსი გაფრთხილებები, მაგალითად პოლონეთის საზღვარზე, რომლებიც უკრაინელებს ტრეფიკიგის რისკს შეახსენებს. რა სამუშაოები მიმდინარეობს ტრეფიკინგის პრევენციისთვის?

დიახ, ამაზე რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციები. სახელმწიფო დეპარტამენტში გავიცანი უკრაინელი უფლებადამცველი ორგანიზაციიდან „ლა სტრადა“, რომელიც ტრეფიკინგს ადგილზე ებრძვის. იქ ასევე იყვნენ პოლონელი უფლებადამცველებიც, რომლებიც მთავრობამ სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მიავლინა... ასევე ვიცნობ გაეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ლტოლვილებთან მუშაობენ.

ჩემი აზრით, ახლა პრობლემა იმაშია, რომ ომის გაგრძელების პარალელურად, რეგიონს რესურსი და ყურადღება არ მოაკლდეს. შევძლებთ კი ამას გრძელვადიან პერსპექტივაში? ვფიქრობ, ჩვენ მცდელობა უნდა გავაორმაგოთ, რომ აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავება შევძლოთ.

დასასრულს, რამეს ხომ არ დაამატებდით?

მინდა აღვნიშნო, რომ ეს ანგარიში მხოლოდ იმის შეფასება არ არის, თუ სად ვართ ახლა. ეს უფრო ქმედებისკენ მოწოდებაა, ერთგვარი სამოქმედო გზამკვლევია. ასე რომ მოდით, მარტო იმაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას, თუ რომელი ქვეყანა რომელ კატეგორიაშია, რაც ახალი ამბების სათაურებში აუცილებლად მოხვდება... არამედ მოდით, ყველა ჩავუღრმავდეთ რეკომენდაციებს, ვინც არ უნდა იყოს: უფლებადამცველები, სამოქალაქო საზოგადოება, მთავრობა თუ სამეცნიერო წრეები, ყველამ ერთად ვიზრუნოთ რეალურ გაუმჯობესებაზე და სიტუაციის გაჯანსაღებაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG