ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლაში კვლავ უმაღლეს კატეგორიაშია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს ტრეფიკინგთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ამ მიმართულებით შექმნილ მდგომარეობას აფასებს. ანგარიშში საქართველო 2015 წლიდან მოყოლებული, წელსაც უმაღლეს, პირველ კატეგორიას ინარჩუნებს.

სახელმწიფო დეპარტამენტს შეფასების სულ 4 კატეგორია აქვს, რომელიც ენიჭება ქვეყნებს იმის მიხედვით, თუ როგორ ებრძვიან ისინი ტრეფიკინგს. პირველი ითვლება საუკეთესოდ, მეორე ორნაწილიანია: კატეგორია 2 და მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მე-2 კატეგორიის ქვეყნები. მე-3 კატეგორიაში კი შედიან ქვეყნები, სადაც სიტუაცია ტრეფიკინგის მხრივ ყველაზე უარესია. მათ შესაძლოა ზოგ შემთხვევაში სანქციები დაუწესდეთ, ან ამერიკის საერთაშორისო დახმარება შეეზღუდოთ.

ანგარიში განმარტავს, რომ მართალია, პირველი კატეგორია ყველაზე მაღალი შეფასებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის ქვეყნებში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ არსებობს, ან ამ დანაშაულის აღკვეთის წინააღმდეგ საკმარის ზომებს იღებენ. არამედ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ "მთავრობამ შესაბამისი ზომები მიიღო პრობლემების აღმოსაფხვრელად, რათა დაკმაყოფილებულ იქნას მინიმალური სტანდარტები".

სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, ამ წლის ანგარიში "უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისის" ფონზე გამოიცა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულმა იერიშებმა გამოიწვია.

ბლინკენმა მოუწოდა ყველას, ერთად დადგნენ ადამიანთა ტრეფიკინგთან ბრძოლაში, რათა ერთობლივად მოხდეს ამ პრობლემასთან გამკლავება და ადამიანური ღირსების შემლახველთა დასჯა. "ადამიანთა ტრეფიკინგი ყველას გვეხება. მისი გავლენა ზემოქმედებას მთელი გლობალური საზოგადოების ქსოვილზე ახდენს და არღვევს მას" - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

XS
SM
MD
LG