ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სიჩუმე ქარიშხლის წინ" - ყარაბაღში ომი არ დასრულებულა 


სტატუს-კვო

ათასობით დაღუპული, გადამწვარი სახლები და სრულად შეცვლილი ვითარება კავკასიაში. აზერბაიჯანი გამარჯვებას ზეიმობს, სომხეთში "კაპიტულაციას" აპროტესტებენ და ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. რეგიონში პოზიციებს იკავებენ თურქი და რუსი სამხედროები. ანკარა ამბობს, რომ მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს რუსულ-თურქული სამშვიდობო ცენტრი და ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება. შეთანხმების ერთი თვის თავზე, კვლავ უცნობია მისი კონკრეტული დეტალები და ბევრი საკითხი ამ დრომდე ბუნდოვანია.

სომხეთში ოპოზიციის ულტიმატუმი მესამე დღეა ამოწურულია. 20-მდე ოპოზიციური პარტია და ათასობით ადამიანი პრემიერ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს, თუმცა მოქმედი პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს.

ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დათმობაში ადანაშაულებს. მაშინ როცა სომხეთში პროტესტი გრძელდება აზერბაიჯანი ზეიმობს. ბაქოში 10 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საზეიმო აღლუმს აზერბაიჯანში თურქეთის პრეზიდენტიც დაესწრო. რეჯებ ტაიპ ერდოღანს პირადად ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.

ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ რუბინი ამბობს, რომ "ეს არის სიჩუმე ქარიშხლის წინ. გვეუბნებიან, ომი დასრულდაო, მაგრამ ეს ასე არ არის". ის ამბობს, რომ ყარაბაღში ახლა ბრძოლები არ მიმდინარეობს, თუმცა ფიქრობს, რომ როგორც სომხეთმა ასევე აზერბაიჯანმა დადებული შეთანხმებით "სუვერენიტეტი დაკარგეს".

"ახლა რეგიონში ერთმანეთის პირისპირ თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი დგას, მათ შორის კი ფუნქციები არ არის განაწილებული. ეს ვითარებას იმაზე უფრო მეტად ართულებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მე ძალიან მაშფოთებს შეთანხმების ბოლო ნაწილი, სადაც ე.წ. დერეფნებზეა საუბარი. არ არის დაოკონკრეტებული მარშრუტები და უცნობია, თუ ვის ხელშია კონტროლი,"- ამბობს რუბინი.

ლაჩინის დერეფანი

დადებული შეთანხმებით გაურკვეველი რჩება, თუ როგორი იქნება კავშირი ყარაბაღსა და სომხეთს შორის. პირველი ლაჩინის დერეფანია, რომელიც აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ქალაქზე შუშაზე გადის. შეთანხმებაში წერია, რომ ეს გზა აღარ იარსებებს და სამი წლის განმავლობაში ახალი გზა უნდა აშენდეს. თუმცა, სად გაივლის ახალი გზა და მანამდე როგორ მოხდება კავშირი, ამაზე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი.

"ძალიან სამწუხარო რეალობაა, რაც მე დიდ დისკომფორტს მიქმნის. ეს არის უკონტროლო ტერიტორია. ამ გზას რუსეთი აკონტროლებს, თუმცა ფაქტია, რომ ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას და მოკვლას. ყველა მშვიდობიანი მოქალაქე სნაიპერის პოტენციური სამიზნეა,"- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს მაიკლ რუბინი.

ნახიჩევანის დერეფანი

კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა სომხეთ-ირანის და თურქეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზებია. საუბარია ნახიჩევანის დერეფანზე, რომელზეც დოკუმენტში ასევე არაფერია ნათქვამი. არსებობს ვარაუდები, რომ შესაძლოა შეიქმნას ახალი გზა, მაგრამ როგორ და როდის, არც ეს კონკრეტდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემით კი, ნახიჩევანის დერეფანში ორი მიმართულება იქნება. სომხეთიდან ირანისკენ და ნახიჩევანიდან აზერბაიჯანში. თუ პროცესში ამ დროისთვის აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და რუსეთი მონაწილეობენ, ნახიჩევანის დერეფანში ნებისმიერი დაძაბულობის დროს, პროცეში კიდევ ერთი მხარე ჩაერთვება და ეს ირანია, ქვეყანა რომელთანაც სომხეთს დიდი ეკონომიკური კავშირები აქვს.

"რა მოხდება თუ ამ მარშრუტზე ვინმე მოკლეს? ვინ გამოიძიებს მომხდარს? აზერბაიჯანი? თურქეთი? - არ ვიცი, რეალურად ეს სომხეთის სუვერენული ტერიტორიაა. ამ მოცემულობით სომხეთი ბლოკადაში ექცევა, რადგან ქვეყანას არ აქვს ამაზე დიდი პოტენციალი სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და სამრეწველო ექსპორტი რომ ჰქონდეს. ბლოკადა, რომელიც შეიქმნა, სომხეთსაც ეხება და ირანსაც"- ამბობს ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი.

დაპირისპირების გამწვავების შანსი

ბუნდოვანი დოკუმენტი შანსებს სამხედრო დაპირისპირებისა და კონფლიქტის გაღვივების კუთხით ზრდის. ახალი ომის შანსები, რომ დიდია, ამას მაიკლ რუბინიც ადასტურებს და ამბობს, რომ სცენარი რამდენიმეა, თუმცა უახლოეს პერიოდში ნებისმიერი კონფლიქტი და სამხედრო დაპირისპირება რეალურად სომხეთსა და თურქეთს შორის იქნება.

"მოკლევადიან პერსპექტივაში ნებისმიერი კონფლიქტი, ჩემი აზრით, სომხეთსა და თურქეთს შორის იქნება. ერთ მხარეს სომხური არმია და მისი შეიარაღებაა და მეორე მხარეს - უფრო დიდი, უფრო კარგად აღჭურვილი თურქული ჯარი. აქ შემოდის კითხვა: რას შვება რუსეთი? არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რუსეთმა სომხეთს მხარი არ დაუჭირა ისე, როგორც ამას სომხეთი ელოდა. საეჭვოა, ვლადიმირ პუტინს დიდი სურვილი ჰქონდეს, რეგიონში თურქი სამხედროების ყოფნის. მაგრამ, ეჭვი მეპარება, რომ ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთმა ომი წამოიწყოს. არ ვიფქრობ, რომ კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში, რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერთვება. ყველაზე რთული და საშიში სცენარი ის იქნება, თუ ვითარება უკიდურესად გართულდა და რუსეთმა ომი ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო,"- აცხადებს მაიკლ რუბინი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს.

რა უნდა რუსეთს?

სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთის მიზანია მსოფლიოს თავისი სიძლიერე და ვითარების კონტროლის უნარი დაუმტკიცოს. ფაქტია ისიც, რომ 90-იანი წლების შემდეგ პირველად რუსეთს მიეცა შესაძლებლობა ყარაბაღში საკუთარი ჯარი და ტექნიკა განათავსოს. რუსი ე.წ. მშვიდობისმყოფელები რეგიონში მალევე ჩავიდნენ, პოზიციები დაიკავეს და ადგილზე მინიმუმ 5 წლით დარჩებიან. კრემლი შეთანხმების მეორე დღეს ამბობდა, რომ ანკარა რეგიონში არ შევიდოდა და ჯარს არ განათავსებდა, თუმცა რიტორიკა მალევე შეიცვალა და პოზიციები თურქეთმაც დაიკავა.

"კონფლიქტი წლების განმავლობაში მიმდინარეობს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტკივილი და წყენა უფრო და უფრო ღრმავდება. მე ვფიქრობ ეს კარგად დაგეგმილი სცენარი იყო და მომენტი, რომელიც აზერბაიჯანმა და თურქეთმა გამოიყენეს. ახლა რეგიონში ორი ძლიერი პოლიტიკოსი, ან შეიძლება ითქვას, დიქტატორი ცდილობს ვითარების კონტროლს, საკუთარი ძალის ჩვენებას. სომხეთს ამ მდგომარეობიდან ახლა გამოსავალი არ აქვს. ის უნდა დაელოდოს მომენტს და მზად იყოს ცვლილებებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობებისთვის. რეგიონში ვითარება ავტომატურად შეიცვლება, თუ ქაოსი იქნება რუსეთში ან თურქეთში. სომხეთი სწორედ ამას უნდა დაელოდოს: დიპლომატიამ უნდა შეძლოს ვითარების განმუხტვა,"- ამბობს მაიკლ რუბინი.

ვითარება რეგიონში და საქართველო
ვითარება რეგიონში და საქართველო
სიტუაცია რეგიონში და საქართველო

სომხეთში არეულობაა, ფაშინიანის წინააღმდეგ ოპოზიცია გაერთიანდა 17 პოლიტიკური პარტია მის გადადგომას ითხოვს. ფაშინიანი კი წასვლას არ აპირებს. მზარდი შიდა დაპირისპირების პარალელურად, სომხეთი ბლოკადაშია, კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ადამიანები კი რუსეთის მოქალაქეობას ითხოვენ. როგორც მაიკლ რუბინი ამბობს, აზრაკის რეგიონში სომხეთის მოქალაქეები თავის დაცვის და გადარჩენის გზას, სწორედ რუსეთის მოქალაქეობაში ხედავენ, რაც სომხეთს კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის რუსეთზე. აზერბაიჯანი გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა ის უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება როგორც თურქეთზე, ასევე რუსეთზე.

"ის რაც ახლა რეგიონში ხდება, რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის ეს გლობალურია. დინამიკა გაგრძელდება, ეს ვითარება სრულად გაანადგურებს სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტს. ამის შემდეგ თუ ვითარება არ განიმუხტა, საბოლოოდ პროცესი შესაძლოა საქართველომდეც მივიდეს და ეს ნამდვილად დიდი ტრაგედია იქნება. სამხრეთ კავკასიაში დღეს საქართველოზე დიდი წარმატება დემოკრატიაში არავის აქვს," ამბობს მაიკლ რუბინი.

ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარს ვკითხეთ: რა როლი აქვს კონფლიქტში საქართველოს და იყო თუ არა რეგიონში არსებული ვითარება იმის განმსაზღვრელი, რომ საქართველოში მოულოდნელად ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩავიდა. რუბინმა "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს თქვა, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უნდა გააგრძელოს და არ უნდა მოდუნდეს. თუმცა, ის აქვე ამბობს, რომ " სომხეთში საქართველოს მიერ მკაცრი ნეიტრალიტეტის გამოცხადება ცუდად მიიღეს. შეიძლება ვთქვათ, რომ სომხებში ქართველების მიმართ ჩუმი/ფარული სიბრაზეა. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველომ სომხეთი დაბლოკა."

რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში, რუბინს მიაჩნია, რომ რეგიონში არსებული ვითარება შესაძლოა ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ეს უფრო საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მეგობრული და სტრატეგიული ნაბიჯი იყო.

"მე არ ვიცი კონკრეტულად რეზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა საქართველოში მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო ერთადერთი დემოკრატიაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია. ამერიკის შეერთებული შტატები წლებია მხარს უჭერს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პოზიცია ამერიკის ყველა პრეზიდენტს აქვს დაფიქსირებული. როგორც ბუშს, ასევე ობამას, ტრამპს, ჯო ბაიდენს. ასე რომ შეიძლება მაიკ პომპეომსაქართველოს მისცა გარკვეული გარანტიები რათა მოხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელება, "- აცხადებს რუბინი.

საქართველო და რუსეთი

საქართველო რომ პოტენციური საფრთხეა, ამას ისტორია და რეგიონში არსებული ვითარება გვაჩვენებს, ამბობს მაიკლ რუბინი. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს სურვილი რეგიონში იყოს ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულად და მისგან დამოუკიდებლად ვითარდება.

"რუსეთი წლებია თავის ქმედებებით ამბობს და აფრთხილებს მეზობელ ქვეყნებს: თუ თქვენ იქნებით დემოკრატია, დაკარგავთ ტერიტორიებს. თუ პრორუსული იქნებით, დაიბრუნებთ ტერიტორიებს. ეს მოცემულობაა და ის კრემლმა შექმნა. ასე მოუვიდა აზერბაიჯანის პირველ პრეზიდენტს, ასე მოხდა საქართველოში 2008 წელსაც, ახლა იგივე დაემართა სომხეთსაც რევოლუციის შემდეგ. ამ პროცესების განვითარებას ხელი შეუწყო როგორც ბარაქ ობამას, ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციების ქმედებებმა, რომლებმაც ყურადღება მოადუნეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. ფაქტია, რომ რეგიონისადმი ისეთი დიდი ყურადღება როგორიც ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს იყო, აღარ ყოფილა, რამაც რეგიონში ვითარება ძალიან გაართულა. შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რეგიონისადმი ყურადღება უფრო გამახვილდება. ჯო ბაიდენს და მომავალ სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესმით დიპლომატიის მნიშვნელობა და ამერიკის როლი გლობალურ სცენაზე,"- ამბობს ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი.

შესაძლო გამოსავალი

მაიკლ რუბინს მიაჩნია, რომ რეგიონში რუსული გავლენები გაიზარდა და დასავლეთი ქმედითი ნაბიჯების წინაშე დგას. ის ამბობს, რომ ახლა მხოლოდ დასავლეთს შეუძლია "მოსალოდნელი შტორმის" შეჩერება რეგიონში, თუმცა აქვე განმარტავს, რომ აზერბაიჯანის ინტერესი მოლაპარაკებების პროცესის მიმართ ძალიან მცირეა, თუმცა არსებობს.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა გამოიყენონ ახლა არსებული ვითარება და დოკუმენტში არსებული ბუნდოვანი საკითხები. ასეთები ბევრია. მაგალითად მინსკის ჯგუფის ფარგლებში უნდა განახლდეს აქტიური მოლაპარაკებები და მთავარი განსახილველი თემა მთიან ყარაბაღში სალოცავები და ისტორიული ძეგლები უნდა იყოს. როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს აქვს ამ საკითხის მიმართ პრობლემები. ისტორიულ და რელიგიურ ზოგიერთ ძეგლთან ისინი ამ ეტაპზე შეთანხმებით დადგენილი წესების მიხედვით გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ეს კი შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისთვის გამოიყენონ,"- ამბობს რუბინი.

ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი ფიქრობს, რომ დიპლომატიური პროცესი უფრო გაღრმავდება და მოლაპარაკებები 2021 წლიდან დაიწყება. მაიკლ რუბინს მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა ამ ვითარებაში 2-3 ნაბიჯით წინ უნდა იფიქრონ, ვითარების განსამუხტად.

ყრაბაღში ვითარება რთული და გაურკვეველია. დადებული შეთანხმებით "ქვემეხებიდან სროლა" შეწყდა, თუმცა მშვიდობა რეგიონში ნამდვილად არ არის. ფაქტია, რომ დასავლეთის პროცესში ჩართვა და მოალაპარაკებების განახლება აუცილებელია, რადგან ამ დრომდე არავინ იცის, 10 ნოემბრის შემდეგ, როგორ არის ყარაბაღში ქალაქების დასახელება, ვინ და როგორ მართავს პროცესებს რეგიონში ქალაქებსა და სოფლებში, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები ადამიანები.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღისთვის ბრძოლა 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს ზავით დასრულდა. რუსეთმა ნოემბრის შეთანხმების შემდეგ, რეგიონში 2 000 მშვიდობისმყოფელი განათავსა. შეთანხმება ამ დრომდე არ განსაზღვრავს მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსს. აზერბაიჯანმა 10 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოაცხადა, სომხეთში აქციები გრძელდება, ფაშინიანი უკან არ იხევს, ქვეყანაში დევნილთა ნაკადიც ყოველდღიურად იზრდება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG