ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 წელი ერაყში ომის დაწყებიდან


2003 წლის 20 მარტს შეერთებულმა შტატებმა ერაყზე პირველი საჰაერო იერიში მიიტანა. დღეს ზუსტად 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა "ოპერაცია ერაყის თავისუფლება" დაიწყო.

ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის გადაწყვეტილებით, ერაყთან დაწყებულ ომში, უმეტესად შეერთებული შტატები და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო მონაწილეობდა. საავიაციო იერიშებს თან მოჰყვა სახმელეთო ოპერაცია, რომელიც ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობით დასრულდა.

ლიმიტირებული ძალებით მიტანილი იერიშების შემდეგ, 2011 წლის 18 დეკემბერს, მოკავშირეებმა ერაყიდან შენაერთები გამოიყვანეს. ამ ფაქტს შედეგად ახლო აღმოსავლეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკაში სირთულეები მოჰყვა, წერს საინფორმაციო სააგენტო "როიტერი".

ამას გარდა, სპეციალისტების შეფასებით, ერაყიდან ჯარების გამოყვანამ ახლო აღმოსავლეთში ძალთა დიდი ვაკუუმი შექმნა, რომელიც შემდეგ დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" შეავსო. მოგვიანებით, ძალადობითა და სისასტიკით განთქმულმა დაჯგუფებამ ერაყისა და სირიის თითქმის მესამედი დაიპყრო.

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ჩართულობა შეერთებულ შტატებს ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან ძვირი დაუჯდა. ამერიკის მხრიდან დაიღუპა 4 599 ადამიანი. ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის, მოწინააღმდეგეთა ძალების, მედიის წარმომადგენლების და ყველა სხვა დაღუპულის ჩათვლით, მათი რიცხვი 550 000-დან 584 000-მდე მერყეობს.

ამ ბოლო მონაცემში მხოლოდ უშუალოდ ომის გამო დაღუპულთა რაოდენობაა აღრიცხული და მასში არ შედის სიკვდილობის მონაცემები დაავადებების, შიმშილის ან იძულებით გადაადგილების შედეგად. ეს ინფორმაცია გასულ კვირაში ბრაუნის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა.

პენტაგონის და სახელმწიფო დეპარტამენტის საბიუჯეტო ხარჯვითი მონაცემების მიხედვით, ერაყის და სირიის ომები ვაშინგტონს სულ ცოტა, $1.79 ტრილიონი დაუჯდა. ამ მონაცემში შეყვანილია ვეტერანების მოვლის ხარჯები და კონფლიქტებზე დახარჯული სესხების პროცენტული განაკვეთიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG