ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აშშ-ის შეჭრიდან 20 წლის შემდეგ, საკითხზე კვლავ მწვავე დებატებია


მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები კვლავ ებრძვის 20 წლის წინ, ერაყში შეჭრის შედეგებს.

მათი თქმით, 2003 წელს, აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილბამ, სადამ ჰუსეინი ძალის გამოყენებით ჩამოეგდო, ასევე ამერიკული ჯარის შეზღუდულმა გამოყენებამ, ხელი შეუწყო ეთნიკურ კონფლიქტებს. 2011 წელს კი, აშშ-ის ძალების გაყვანამ, ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაართულა. 2011 წელს, აშშ-ის ჯარების ერაყიდან გაყვანამ, დატოვა ვაკუუმი, რომელის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა შეავსეს.

2011 წელს ჯარების გამოყვანის შემდეგ, 2014 წელს, ამერიკული ჯარი ერაყში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაგზავნა, სადაც დაახლოებით 2500 სამხედრო მოსამსახურე დარჩა. 2015 წელს კი ჯარები სირიაში განალაგა, სადაც დაახლოებით 900 ამერიკელი ჯარისკაცია. ორივე ქვეყანაში, აშშ-ის ძალები ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ებრძვიან.

„ჩვენმა უუნარობამ, ნების არქონამ, გამოიწვია ქაოსი და ისლამური სახელმწიფოს წარმოშობა“ - აცხადებს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, რიჩარდ არმიტაჯი.

არმიტაჯი თანამდებობას ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მაშინ იკავებდა, როცა შეერთებული შტატები ერაყში შეიჭრა. მას მიაჩნია, რომ ერაყში აშშ-ის შეჭრა „შეიძლება იყოს ისეთივე დიდი სტრატეგიული შეცდომა“, როგორიც 1941 წელს ჰიტლერის საბჭოთა კავშირში შეჭრა, რამაც ხელი შეუწყო გერმანიის მეორე მსოფლიო ომში დამარცხებას.

ბრაუნის უნივერსიტეტის პროექტის, „ომის ხარჯების“ მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული შეფასებით, ერაყისა და სირიის ომებისთვის გადახდილი შეერთებული შტატების ფასი, დღემდე, 1,79 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 2050 წლამდე კი, ეს ხარჯები 2,89 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ჯონ ბოლტონი, რომელიც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში მსახურობდა, ერაყის ომს მხარს უჭერს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი შეცდომა 2011 წელს, ჯარების გამოყვანა იყო.

„სადამის დამხობის შემდეგ დაშვებული ყველაზე უარესი შეცდომა 2011 წელს ჯარების გამოყვანა იყო“ - ამბობს ბოლტონი. მისივე თქმით, ჯარების გამოყვანა პრეზიდენტ ობამას სურდა.

რაიან კროკერი, რომელიც ერაყში აშშ-ის ელჩად მსახურობდა ამბობს, რომ 2003 წელს ერაყში შეჭრას, ერაყში აშშ-ის გავლენა მყისიერად არ შეურყევია. მაგრამ, საპირისპირო გააკეთა 2011 წელს ჯარების გამოყვანამ.

„ეს იყო აშშ-ის გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო გამოწვეული ეკონომიკის კოლაფსით, ან საპროტესტო დემონსტრაციებით. ჩვენმა ხელმძღვანელობამ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ამის გაკეთება აღარ გვინდოდა. ამით დაიწყო ერაყში განგაშიზ ზარების რეკვა“ - ამბობს კროკერი.

მისივე თქმით, „საბოლოო შედეგი ცუდი იყო აშშ-ის გავლენისთვის, ცუდი იყო ჩვენი შესაძლებლობისთვის, რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობის თვალსაზრისით.“

ყოფილ ოფიციალურ პირებს შორის, პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება კვლავ მწვავე დებატების საგანია.

ბოლტონი ამბობს, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა, ამ ფასად ღირდა. თუმცა, ამას „კატასტროფას“ უწოდებს ლარი უილკერსონი, ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის აპარატის უფროსი.

XS
SM
MD
LG