ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა


გენერალურმა პროკურატურამ "თი-ბი-სი" ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს - ბრალი წარუდგინა. უწყების განცხადებით, მათ ბრალი ჯგუფურად, 16 754 000 $ ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედებათ.

"გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ხაზარაძე და ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ და მათ ბრალი პირადად წაუყენეს. ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებს პროკურატურა.

ხაზარაძეს მიაჩნია, რომ ეს ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა:

"სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ჩვენ ამან მოგვაყენა ძალიან სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის განხორციელებას", - თქვა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამას ხაზარაძის მიერ პოლიტიკური მოძრაობის დაწყების გეგმებთან საერთო არაფერი აქვს და გამოძიება გასულ წელს დაიწყო.

"ასეთი აბსურდული ბრალის დადგინება, 1995 წლიდან იურისტი ვარ, და არ მინახავს", - თქვა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა პროკურატურის დატოვების შემდეგ. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ისინი ეცდებიან, დაამშვიდონ საინვესტიციო სამყარო, რათა ბანკმა განაგრძოს შეუფერხებლად მუშაობა.

„ესაა პირადი დევნის გაგრძელება მამუკას და ჩემ მიმართ. ეს აყენებს ზიანს იმ პროექტებს, რომლებშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი პროექტი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, არ შეფერხდეს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძემ კი თქვა, რომ მას განცდა დარჩა, რომ ის "საბჭოთა პროკურატურაში იმყოფებოდა".

"ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდულია ეს ყველაფერი. ამას მე ორკესტრირებული შეტევა დავარქვი და არის გაგრძელება ამ ორკესტრის, რომელსაც ძალიან ცუდი მუსიკოსები და დირიჟორი ჰყავს", - თქვა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ და განაცხადა, რომ ეცდებიან ამ ყველაფერმა ბანკის ფუნქციონირებაზე სერიოზული გავლენა არ მოახდინოს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ფასი დაეცა. "ამით საინვესტიციო კლიმატს აზიანებენ", - თქვა ხაზარაძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG