ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური კრიზისი სირიის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს


პოლიტიკური კრიზისი სირიის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს
პოლიტიკური კრიზისი სირიის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს

სირიის მთელ ტერიტორიაზე პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მიერ ანტისამთავრობო პროტესტების სისხლიანმა ჩახშობამ ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია. საერთაშორისო საზოგადოებამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება ერთხმად დაგმო, რამაც ქვეყნის სავაჭრო პარტნიორები ერთგვარად დააფრთხო. საერთაშორისო საქმიანი ხელშეკრულებები გაიყინა და ტურიზმიც შეჩერდა.

ნაბილ სალჰა მთის პატარა საკურორტო ქალაქ მაშტაჰელოში ცხოვრობს. ქალაქი ტურისტებს მუდამ იზიდავს, რადგან ის საუცხოო ადგილზე მდებარეობს. აქ მთაც არის, გრილი და სასიამოვნო სუფთა ჰაერით, და იქვე, მანქანით სულ რამდენიმე წუთის მანძილზე, ზღვის არაჩვეულებრივი სანაპიროა. სალჰა წლების მანძილზე გიდად მუშაობდა და ზაფხულობით ტურისტთა მოზღვავებას ვერ აუდიოდა.

„წელს ყველაფერი შეიცვალა. ქალაქში პრაქტიკულად აღარავინ ჩამოდის. ან როგორ ჩამოვა, როცა აქამდე რომ მოაღწიოს, ტურისტმა ის ტრასა უნდა გამოიაროს, რომელიც პოლიციით და არმიის ქვედანაყოფებით არის სავსე“ - ამბობს ის.

სალჰას თქმით მის ქალაქში სიმშვიდეა, რადგან მაშტაჰელოში ძირითადად ქრისტიანები ცხოვრობენ. თუმცა ირგვლივ მდებარე სოფლებიდან და ქალაქებიდან კანტიკუნტად სროლის ხმა ისმის. იქ პერიოდულად ამბოხებულთა და მთავრობის მხარდამჭერთა შორის შეტაკებები მიმდინარეობს. სალჰა არეულობის გამო უმუშევარი დარჩა. მამის პენსიით ვარსებობთ, რაც არანაირად არ გვყოფნის, ამბობს ის. რამდენიმე თვის წინ მისი შემოსავალი თვეში ათასი ამერიკული დოლარი იყო.

სალჰას ისტორია ერთეული შემთხვევა არ არის. სასტუმროები სირიის ცენტრალურ ქალაქებშიც კი ცარიელია. ტურიზმი სირიის 52-მილიარდიან ეკონომიკაში 12 პროცენტს შეადგენდა.

ჰილალ ხაშანი ბეირუთის ამერიკის უნივერსიტეტიდან ყველაფერში მთავრობას ადანაშაულებს.

„აღარც ტურიზმია, აღარც ტრანზიტი, თვითმფრინავები ქვეყნის დედაქალაქში აღარ დაფრინავენ. ხელისუფლების უუნარობამ და რეფორმების გატარებაზე კატეგორიულმა უარმა ეკონომიკას სერიოზული დაღი დაასვა“, ამბობს ის.

ჯერ არაბულმა სამყარომ, შემდეგ კი მთელმა უცხოურმა კომპანიებმა სირიასთან ხელშეკრულებები გაყინეს და პროექტები გააუქმეს. ბირჟაზე აქციების ვარდნამ საშუალოდ 41 პროცენტი შეადგინა. ბატონი ხაშანის თქმით ასადის მთავრობას ხალხის პროტესტზე უფრო ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსის უნდა ეშინოდეს.

ხალხის განწყობა ქალაქებშიც იცვლება, ამბობს ის. აქამდე ამბოხი ძირითადად პროვინციებში მიმდინარეობდა. საშუალო კლასი, რომელიც ძირითადად ალეპოში და დამასკოში ცხოვრობს, შედარებით გულგრილი იყო. მათ კარგად ისარგებლეს ასადის მიერ განხორციელებული ეკონომიკის ლიბერალიზაციით და რეჟიმის პერიოდში ერთგვარი სტაბილურობის გარანტიაც მიიღეს. მაგრამ დრო შეიცვალა. მათ შემოსავალს და უზრუნველ ცხოვრებას საფრთხე ემუქრება.

პრეზიდენტ ასადის ხისტი პოლიტიკის მიმართ საშუალო კლასის დამოკიდებულება განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამერიკის და ევროპის სანქციების შემდეგ სირიაში საკრედიტო ბარათებმა მუშაობა შეწყვიტა.

თუმცა სირიის 20-წლიანმა ეკონომიკურმა რეფორმამ ყველაზე დიდი დაღი მაინც სოფლის მოსახლეობას დაასვა. პრეზიდენტი ასადის ხელისუფლება წლების განმავლობაში ამცირებდა ინვესტიციების რაოდენობას სოფლის მეურნეობაში. იკვეცებოდა სამთავრობო შტატები, საწვავის და საკვების დაფინანსებაც თანდათან შეიზღუდა.

სირიის ეროვნული ხაზინა ძირითადად ნავთობის ექსპორტით ივსებოდა. წლების მანძილზე ევროკავშირი ქვეყნის მთავარი პარტნიორი იყო. ახალმა სანქციებმა სირიას შემოსავლის ეს წყაროც გადაუკეტა. სირიელებს იმედი აქვთ, რომ პოლიტიკურ და დიპლომატიურ სანქციებთან ერთად ეკონომიკური სანქციები პრეზიდენტ ასადს აიძულებს საკუთარ ხალხთან მშვიდობიანი მოლაპარაკება გამართოს და ქვეყანაში არსებული კრიზისი რეფორმების გზით გადაჭრას.

XS
SM
MD
LG