ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი-დამასკო-ცხინვალი: კავკასიური ხმალი და მურვან ყრუს ორდენი


ბიბილოვმა ასადს დამასკოს ფოლადისგან დამზადებული კავკასიური ხმალი აჩუქა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 23 ივლისს დამასკოში, სირიის არაბთა რესპუბლიკის დიქტატორმა ბაშარ ალ ასადმა მიიღო. ბიბილოვი სირიაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა დიმიტრი მედოევმა კვირას, დამასკოში „დიპლომატიური ურთიერთობის“ დამყარებას მოაწერეს ხელი.

ოსი სეპარატისტების ლიდერი სირიაში რუსეთიდან, სირიის კერძო ავიაკომპანია Cham Wings Airlines-ის ავიალაინერით ჩაფრინდა. სააგენტო როიტერის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, Cham Wings Airlines-ი სწორედ ის ავიაკომპანიაა, რომელსაც როსტოვიდან სირიაში საიდუმლო ჩარტერული რეისებით რუსი დაქირავებული მებრძოლი ჩაჰყავს, ძირითადად, "ვაგნერისა" და "პატრიოტის" დაჯგუფებებიდან.

ამ მიზნებისთვის სირიის ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სივრცესაც იყენებდა, თუმცა, 2018 წლის ივნისის შემდეგ, რაც სირიამ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა სცნო, „საქაერონავიაგავიამ“ Cham Wings-სა და Syrian Air-ს საქართველოს საჰაერო სივრცე დაუკეტა.

ბიბილოვი დამასკოში Cham Wings Airlines-ით ჩაფრინდა
ბიბილოვი დამასკოში Cham Wings Airlines-ით ჩაფრინდა

ასადი ბიბილოვს დამასკოს დასავლეთ ნაწილში, მეზის მთაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა, რომელიც თითქმის მთლიანად სახელგანთქმული, იტალიური კარარას მარმარილოთი არის აშენებული.

ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ასადს „დამოუკიდებლობის აღიარებისთვის“ და აღნიშნა, რომ „უპირობო მხარდაჭერას უცხადებს სირიის ხალხს, კანონიერ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ სამართლიან ბრძოლაში“.

"მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" ხელმძღვანელი, კონფილიქტოლოგი ლევან გერაძე ამბობს, რომ მთელ ამ სპექტაკლს ერთი მთავარი რეჟისორი - რუსეთი ჰყავს:

სირიის რეჟიმის არსებობა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთზე. აქედან გამომდინარე, ყველა შეთავაზება რომელიც მოსკოვიდან ასადის რეჟიმს გაეგზავნება, ბუნებრივია, სირიის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც აუცილებლად შესასრულებელი"
ლევან გერაძე, კონფლიქტოლოგი

„სირიის რეჟიმის არსებობა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთზე და მის შეიარაღებულ ძალებზე. აქედან გამომდინარე, ყველა შეთავაზება რომელიც მოსკოვიდან ასადის რეჟიმს გაეგზავნება, ბუნებრივია სირიის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც აუცილებლად შესასრულებელი. სწორედ ასეთ შეთაზებას მოჰყვა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და ახლა მათთან დიპურთიერთობების გაფორმება“.

ბიბილოვმა ასადს დამასკური ფოლადიდან გაკეთებული კავკასიური ხმალი აჩუქა და სეპარატისტების უმაღლესი სამხედრო ჯილდო - "უაცამონგას" ორდენი გადასცა.

თავის მხრივ ასადმა ბიბილოვი ომაიანების ორდენით დააჯილდოვა. ეს სირიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც დამასკოს სახალიფოს მმართველი ომაიანების დინასტიის პატივსაცემად, 1934 წელს, სირიის მესამე პრეზიდენტმა მუჰამად ალი ალ-აბიდმა დააწესა. ომაიანთა დინასტიის უკანასკნელი ხალიფა იყო მარვან II იბნ მუჰამადი, რომელმაც საქართველო 735-737 წლებში დალაშქრა და განსაკუთრებული სისასტიკის გამო, მურვან ყრუ შეარქვეს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ, სირიის თავდაცვის მინისტრი გენერალი ალი აბდულა, რომელიც ამ თანამდებობაზე 1 იანვარს დაინიშნა და საგარეო საქმეთა მინისტრი 77 წლის ვალიდ მუალემი, იგი სირიის საგარეო უწყებას 12 წელია უდგას სათავეში.

ასადმა და ბიბილოვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“. სირიის დიქტატორმა აღნიშნა, რომ „ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს სირიის სწორ პოზიციას, ორიენტაცია აიღოს აღმოსავლეთის ქვეყნებზე და არა დასავლეთზე, რომელსაც მხოლოდ დიქტატის მოხვევა შეუძლია.“

ბიბილოვი სირიაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება და ასევე შეხვდება არაბული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიზნესმენებს. ოსი სეპარატისტების „პირველი ოფიციალური ვიზიტის“ კოორდინირებას დამასკოში, სირიაში რუსეთი ელჩი ალექსანდრე კინშჩაკი ახდენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, თბილისის მეგობრებმა დამასკოზე ზემოქმედების ყველა რესურსი ამოწურეს:

ჩვენს პარტნიორებს და მთლიანად ცივილიზირებულ სამყაროს ამჟამად დამასკოში ბევრი არაფერი ეთქმით, ერთადერთი ვინც მართავს იქ სიტუაციას და ვისაც აქვს უზარმაზარი გავლენა ასადის რეჟიმზე, ეს არის მოსკოვი"
დავით დონდუა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„ფაქტია, რომ ჩვენს პარტნიორებს და მთლიანად ცივილიზირებულ სამყაროს ამჟამად დამასკოში ბევრი არაფერი ეთქმით, ერთადერთი ვინც მართავს იქ სიტუაციას და ვისაც აქვს უზარმაზარი გავლენა ასადის რეჟიმზე, ეს არის მოსკოვი. ამის მეშვეობით, რუსეთმა მიაღწია იმას, რასაც მიაღწია.“

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს, ამ ხნის მანძილზე, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი დევნილად იქცა, 8 მილიონამდე კი უსახლკაროდ დარჩა. სირიის სისხლიანი რეჟიმი, პრეზიდენტ ასადის მეთაურობით, რუსეთის, ირანისა და ლივანის სამხედრო მხარდაჭერით თავის გადარჩენას ჯერჯერობით ისევ ახერხებს.

სირიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ გააფორმა, რაც გასულ კვირას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორმა მარია ზახაროვამ "საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენის შესახებ დაინტერესებაზე" ისაუბრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG