ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ პოლიტიკას ცვლის


სირიის პრემიერ-მინისტრმა დაურ კოვე დამასკოში მიიღო

შესაძლებელია თუ არა, რომ სირიამ რუსეთის ზეწოლით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა სცნოს? ეს კითხვა ხელახლა გაჩნდა, მას შემდეგ რაც სირიის არაბული რესპუბლიკის მმართველმა ელიტამ აფხაზ სეპარატისტთა „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვეს დამასკოში მაღალ დონეზე უმასპინძლა.

დამასკოს რიგით 59-ე საერთაშორისო ბაზრობაში, ოკუპირებულმა აფხაზეთმა, 17-22 აგვისტოს „დამოუკიდებელი ქვეყნის“ სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ეს ბაზრობა არაბულ რესპუბლიკაში 1954 წლიდან ტარდება, თუმცა სამოქალაქო ომის გამო 2011 წლის შემდეგ აღარ გამართულა.

სეპარატისტთა დროშა დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე
სეპარატისტთა დროშა დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და მისი მთავარი მოკავშირე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო ბაზრობის განახლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მასზე 27 ქვეყანა მიიწვიეს. სეპარატისტების დროშა დამასკოს ცენტრში, გამოფენაში მონაწილე სხვა სახელმწიფოების დროშებთან ერთად ფრიალებდა.

დაურ კოვეს პირადად შეხვდნენ სირიის პრემიერ-მინისტრი იმად ხამისი, რომელსაც ეს პოსტი 2016 წლიდან უჭირავს; მუალედ ალ-ვალიდი- იგი უკვე 11 წელია სირიის საგარეო საქმეთა მინისტრია და სირიის სახალხო კრების (პარლამენტის) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯად ანზორი.

აფხაზთა „პირველმა დიპლომატმა“ დაურ კოვემ, რომელმაც დამასკოში ჰუმანიტარული მიზნით, 16 ტონა მინერალური წყალი „კოდორი“ ჩაიტანა, სირიის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კერძოდ აღნიშნა:

ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სირიის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირებას, ისევე როგორც ცდილობს აფხაზეთის იზოლაციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა მხარეს, ვინც ჩვენი ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება.“
დაურ კოვე

„ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სირიის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირებას, ისევე როგორც ცდილობს აფხაზეთის იზოლაციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა მხარეს, ვინც ჩვენი ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება.“

სირიის პარლამენტში შეხვედრისას არაბული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზთა დელეგაციამ სოხუმში მიიწვია და ნაჯად ანზორმა ეს მიწვევა მიიღო.

ოკუპირებული აფხაზეთის მონახულების სურვილი ასევე გამოთქვეს სირიის პარლამენტის წევრებმა: რამი სალეჰ ბენ მუჰამედმა, სანა აბუ-ზეიდმა და ატფ ზეიბაკმა. ყველა მათგანი არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის სირიის ფრთის (ბაათი) წევრია, რომლის გენერალური მდივანიც 2000 წლიდან, სირიის პრეზიდენტი და დიქტატორი ბაშარ ალ-ასადია.

აფხაზთა დელეგაციას სირიის პარლამენტის სპიკერიც შეხვდა
აფხაზთა დელეგაციას სირიის პარლამენტის სპიკერიც შეხვდა

ბაშარ ალ-ასადს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთადერთი კონტაქტი 2010 წლის მაისში ჰქონდა, როცა მას დამასკოში, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესტუმრა. დახურული შეხვედრის მთავარი თემა მაშინაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების არაღიარება იყო.

2010 წლის სექტემბერში, ვაშაძე უკვე ნიუ იორკში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ ალ-მუალემსაც შეხვდა. ამ დონის შეხვედრები მომდევნო წლებში, გასაგები მიზეზების გამო სირიისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აღარ ყოფილა.

2016 წლის დეკემბერში, ალეპოს უმძიმესი კრიზისის დროს, საქართველოს მთავრობამ 100 000 აშშ დოლარი გამოყო სირიის დასახმარებლად, 2017 წელს კი გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ძალადობის შეწვეტისკენ მოუწოდებდა.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან

„რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს.“

ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზ სეპარატისტთა ვიზიტს დამასკოში. საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ „მსგავსი ქმედებებით რუსეთი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას უშედეგოდ ცდილობს.“

ოკუპირებული აფხაზეთის სტენდი დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე
ოკუპირებული აფხაზეთის სტენდი დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე

საქართველომ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთომა 1994 წლის 18 მაისს დაამყარეს, თუმცა არცერთ ქვეყანას საელჩო არ გაუხსნია. სირიას - ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, ხოლო საქართველოს - სომხეთში სირიის საელჩო ფარავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი არხებით უკვე შედგა სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.

XS
SM
MD
LG