ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონს სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარება არ აკვირვებს


“ეს ჩვენთვის არც თუ ისე გასაკვირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბაშარ ალ-ასადს რუსეთი უწყობს ხელს”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ჰედერ ნაუერტმა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების შესახებ. “რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭრას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - თქვა მან.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიის რეჟიმს შორის უკანასკნელი ორი წლის მანძილზე კომუნიკაცია აქტიურად მიმდინარეობდა. 2017 წლის აგვისტოში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე სირიას ეწვია და დამასკოში ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ სირიის მთავრობასთან კომუნიკაცია დიპლომატიური არხებით მიმდინარეობდა. თუმცა თბილისის მცდელობა წარუმატებლობით დასრულდა. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ამის მიზეზი ასადის მოსკოვზე დამოკიდებულების მაღალი დონეა.

“სირია შეუერთდა იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც კრემლის კეთილგანწყობაზე არიან დამოკიდებულნი. მართალია ეს ნეგატიური მოვლენაა, არ არსებობს იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ამ ნაბიჯს. ასადი უფრო მეტად არის დამოკიდებული კრემლზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა არაბი ლიდერი”, - ამბობს ჰერბსტი.

სირიის რეჟიმს ოპოზიციის და ამბოხებულების წინააღმდეგ მხარს რუსეთი უჭერს. მოსკოვი იქ ბაშარ ალ-ასადის მხარეზე იბრძვის. სამთავრობო ძალებსა და აჯანყებულებს შორის დაპირისპირება სირიაში 2011 წლიდან დაიწყო და დღემდე გრეძლდება. სირიის რეჟიმმა ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი რამდენჯერმე გამოიყენა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სირიის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო შეტევა ქიმიური იარაღის უკანასკნელი გამოყენების შემდეგ მიიტანა.

ასადის რეჟიმის მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს ვაშინგტონში აფასებენ, როგორც მოსალოდნელ ნაბიჯს. დევით კრემერი, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი და მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილი მკლევარი იზიარებს მოსაზრებას, რომ სირიის რეჟიმმა გადაწყვეტილება მოსკოვის ზეწოლის შედეგად მიიღოს.

“მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ბევრი არ უნდა იღელვოს ასადის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებაზე. ასადს ხელები ასიათასობით ადამიანის სისხლში აქვს ამოსვრილი. თუ ამ ორ რეგიონს სურს ამ ადამიანისგან მიიღოს აღიარება, მაშინ ისინი ერთმანეთს იმსახურებენ. ცხადია, რომ ასადმა ეს ნაბიჯი ზეწოლის შედეგად გადადგა”, - განაცხადა კრემერმა.

ამ მოსაზრებას იზიარებს კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი ევრაზიის საკითხებში პოლ სტრონსკი და ამობს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ “ძირითად შემთხვევაში სუსტი, ვალებში ჩაფლული, ძალზედ კორუმპირებული არიან”.

“მართალი რომ ვთქვ, გაკვირვებული ვარ, რომ ასადის რეჟიმს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას ამდენი დრო დასჭირდა… ასადის რეჟიმის გადარჩენა დამოკიდებულია რუსეთზე და ამ რეგიონების აღიარების მოსაპოვებლად მოსკოვს დიდი მანიპულაცია ალბათ არ დასჭირვებია. სირიას სჭირდება მოსკოვის მოწყალება და... არაფერს კარგავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით”, - ამბობს სტრონსკი.

ბაშარ ალ-ასადის მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი არც თბილისისთვის იყო. ამერიკის ხმასთან საუბარში დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ფაქტია, რომ სირიაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგორობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ აქტიურად ჩართულიყო აღიარების თავიდან აცილების პროცესში.

“ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის არ ყოფილა მოულოდნელი ამ რეჟიმის მხრიდან, ეს არის რეჟიმი რომელიც საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობასაც არ ინდობს… უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, და ოკუპირებული ტერიტორიების “არაღიარების პოლიტიკას”, მათ აქვთ ძალიან მკაფიო პოზიცია ასადის დამნაშავე რეჟიმთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს უკანონო გადაწყვეტილება ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე”, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ამერიკის ხმასთან საუბარში.

მომხდარს გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციაც. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიყენოს ყველა მექანიზმი.

"მარიონეტული და ოკუპირებული რეგიონების იმ გენოციდური რეჟიმისგან აღიარება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს და მათ მსგავსად რუსეთის მარიონეტია, ბევრს არაფერს ცვლის. არამედ წარმოადგენს დიაგნოზს პუტინის რეჟიმისა და იმისა, თუ როგორი არალეგიტიმურია მოსკოვის აღიარების პოლიტიკა. თუმცა მიუხედავად ამისა, გაირკვა, რომ მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია მედიიდან მიიღო. ეს შემაშფოთებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყენებდეს ყველა ინსტრუმენტს, რაც მის ხელთაა მოვლენების მსგავსი განვითარების აღსაკვეთად", - თქვა მან.

აღიარების საპასუხოდ, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამ დრომდე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და რუსეთი ცნობენ. ეს ოთხივე ქვეყანა მოსკოვის ახლო მოკავშირეა. ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარა ვანუატუმ და ტუვალუმ, თუმცა მათ მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვალეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG