ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის საპარლამენტო კომისიამ შვედეთის ნატოში წევრობას მხარი დაუჭირა


ფუატ ოქტაი, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე
ფუატ ოქტაი, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მას შემდეგ, რაც განაცხადის გაკეთების შემდეგ 19 თვე გავიდა და ანკარა ამ დრომდე ბლოკავდა შვედეთის ალიანსში წევრობას.

კომისიამ, რომელსაც პრეზიდენტ ერდოღანის პარტია მართავს, საკითხს 4-საათიანი დებატების შემდეგ უყარა კენჭი. ეს კენჭისყრა 16 ნოემბერს უნდა გამართულიყო და დღეისთვის გადაიდო.

შემდეგი ნაბიჯი პარლამენტის გენერალური ასამბლეის კენჭისრაა, სადაც პრეზიდენტის პარტია ასევე უმრავლესობას ფლობს. სავარაუდოდ ეს კენჭისყრა რამდენიმე კვირაში გაიმართება, შემდეგ რეზოლუციას პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

კომისიის ხელმძღვანელმა ფუატ ოქტაიმ თქვა, რომ გენერალურ ასამბლეაში კენჭისყრა ძალიან მალე არ გაიმართება და მის ვადებს სპიკერი გადაწყვეტს.

"ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი გენერალურ ასამბლეაზე გავიდეს, მაგრამ ეს არ უნდა მივიღოთ ისე, რომ იგივე სისწრაფით გაივლის ასამბლეასაც. ეს არაა ასეთ რამ", - თქვა ოქტაიმ. იანვრის დასაწყისში თურქეთის პარლამენტი ორი კვირით ისვენებს.

თურქეთი ნატოში ფინეთისა და შვედეთის განაცხადს თავიდანვე ბლოკავდა, თუმცა მალევე დაუჭირა მხარი ფინეთის გაწევრიანებას. შვედეთთან თვეების განმავლობაში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ანკარა სტოკჰოლმს იმ ჯგუფების მფარველობაში ადანაშაულებდა, ვისაც თურქეთის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. შვედეთი ზაფხულშივე ამტკიცებდა, რომ შეასრულა მოლაპარაკებებისას გამოკვეთილი პუნქტები, თუმცა თურქეთის პარლამენტი არ ჩქარობდა გადაწყვეტილების რატიფიცირებას. ნატოს გაფართოებას ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობას უნგრეთიც გამოხატავს. თუმცა ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ანკარის თანხმობის შემდეგ, ეს დაბრკოლებაც მოიხსნება.

XS
SM
MD
LG